ყაბზობა (შეკრულობა)

Советы ახალშობილის მოვლა

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ჩივილები არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მშობლებს ბავშვი მიჰყავთ ექიმთან. კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე ხშირია შეკრულობა (შესაბამისი სამედიცინო ტერმინია ყაბზობა).

თავად ცნება შეკრულობა დაზუსტებას თხოულობს, ვინაიდან რასაც ერთი პაციენტი (ან პაციენტის მშობელი) შეკრულობას ეძახის – ვთქვათ, ნაწლავთა მოქმედება სამ დღეში ერთხელ, სხვისთვის ეს შეიძლება ნორმალური იყოს. ნაწლავთა მოქმედება დღეში სამჯერ ან სამ დღეში ერთხელ შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, თუ დეფეკაციის აქტს არ ახლავს სხვადასხვა ნეგატიური შეგრძნებები - ტკივილი დეფეკაციის დროს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ძალზე მშრალი და მსხვილი განავალი, რომლის ევაკუაციაც ნაწლავიდან გაძნელებულია, ძლიერი ჭინთვები დეფეკაციის აქტის დროს.

შეკრულობის მიზეზები მრავალგვარი შეიძლება იყოს. მათ შორისაა:

  1. კვებითი დარღვევები;
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები;
  3. ნევროგენული დარღვევები (ზურგის ტვინის დაავადებები, პარკინსონის დაავადება, ჰირშპრუნგის დაავადება);
  4. სხვადასხვა მედიკამენტის ხანგრძლივი ხმარება;
  5. მეტაბოლურ-ენდოკრინული დარღვევები;
  6. ფუნქციურ-ფსიქოგენური დარღვევები: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების რეჟიმი, დეპრესია, დეფეკაციის სურვილის შეგნებულად დათრგუნვა.

შეკრულობის ეს ბოლო მიზეზია მცირე ასაკის ბავშვებში ერთ-ერთი ძირითადი.

ნებისმიერ ბავშვს შეიძლება 1-2 დღით, თუნდაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არ ჰქონდეს ნაწლავთა მოქმედება. ასეთ დროს განავალი ხდება მშრალი კონსისტენციის, რის გამოც დეფეკაციის აქტი შესაძლოა იყოს მტკივნეული. მოზრდილი ბავშვისთვის ამგვარი ეპიზოდური შემთხვევები პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე ასაკის ბავშვს, მან შესაძლოა შეგნებულად შეიკავოს თავი დეფეკაციის აქტისგან ტკივილის შიშის გამო. ასე რომ. ობიექტური მიზეზის არარსებობის დროსაც შეიძლება ბავშვს ყაბზობა ჩამოუყალიბდეს. დეფეკაციის აქტის ხანგრძლივი შეკავება იწვევს ანალური მიდამოს ინერვაციის მოშლას, რაც თავისთავად ხელს უწყობს ყაბზობის გახანგრძლივებას. სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში შეკრულობა ხშირად ვითარდება  ჩვეული გარემოს შეცვლის, კვების რეჟიმის უეცარი ცვლილების, სხვადასხვა სტრესული გარემოებების დროს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, შეკრულობის პირველივე დღეებიდან მშობელმა შეძლოს დაარწმუნოს პატარა დეფეკაციის აქტის უმტკივნეულობასა და უხიფათობაში. არ არის მიზანშეწონილი პირველივე დღეებიდან სხვადასხვა მედიკამენტების მიღება. უმჯობესია კონსულტაცია პედიატრთან, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე მისცემს მშობელს სათანადო რჩევა-დარიგებას, თუ საჭიროა შეურჩევს მედიკამენტს და აუცილებლობის შემთხვევაში გააგზავნის სათანადო სპეციალისტთან. aუცილებელია დეფეკაციის აქტის რამდენიმე მცდელობა დღის განმავლობაში დილიდანვე, ქოთანზე ან უნიტაზზე დასმით ან გადაყენებით – მაგრამ ეს უნდა მოხდეს ბავშვის დარწმუნებით, მოფერებით და არა ძალადობით – წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციას უფრო გავართულებთ. 

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ დეფეკაციის დროს არ არის სასურველი ბავშვის გართობა და თამაში, რადგან ბავშვს ყურადღება სხვა მოქმედებაზე გადააქვს და ავიწყდება, თუ რისთვის ზის ქოთანზე.

აუცილებელია კვების სწორი რეჟიმი, მენიუში ცომეულის და ტკბილეულის შეზღუდვა, ხილის და ბოსტნეულის ხვედრითი წილის გაზრდა, ვინაიდან სწორედ ეს პროდუქტები შეიცავენ პერისტალტიკისთვის ხელშემწყობ უჯრედისს დიდი რაოდენობით. აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებას, ვინაიდან წყალი განაპირობებს განავლის სათანადო კონსისტენციას და პერისტალტიკასაც ხელს უწყობს. 

რა შემთხვევაში არ უნდა გადავდოთ ექიმთან ვიზიტი შეკრულობის დროს?

  • თუ შეკრულობა დაიწყო მწვავედ და თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი და –ან ღებინება
  • თუ შეკრულობასთან ერთად ამჩნევთ მუცლის ზომების საგრძნობ მატებას ან მუცლის უცნაურ ფორმას.