უნებლიე შარდვა ძილში

Советы მცირეწლოვანი ბავშვები

უნებლიე შარდვა სამედიცინო ენაზე მოიხსენიება, როგორც ენურეზი. როგორც წესი, დღის მანძილზე ტუალეტის ჩვევების მოწესრიგება და ქოთანზე მიჩვევა უფრო ადვილია, ვიდრე „მშრალი ღამეების“ მიღწევა. აქედან გამომდინარე, ბავშვების უმეტესობა ასველებს ლოგინს ღამღამობით. ამავე მიზეზით, ენურეზის დიაგნოზი არ ისმება 5 წლამდე, ხოლო მკურნალობა არ ინიშნება 7 წლის ასაკამდე.

ენურეზის „ოფიციალური“ დეფინიცია გულისხმობს ლოგინის დასველებას კვირაში ორჯერ მაინც. უნებლიე შარდვა შეიძლება დაფიქსირდეს ღამეში რამდენჯერმეც. ის შეიძლება აღმოცენდეს ძილის ნებისმიერ სტადიაზე და არა მარტო ღრმა ძილში.

განარჩევენ ორი ტიპის ენურეზს, პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველადი ენურეზი გულისხმობს, რომ ბავშვს დღემდე არ ჰქონია მშრალი ღამე ზედიზედ 6 თვე მაინც. ეს, როგორც წესი შარდვის მაკონტროლებელი მექანიზმების უმწიფრობის შედეგია. ორგანიზმის უნარი, გაიღვიძოს შარდის ბუშტის გავსების საპასუხოდ და აკონტროლოს შარდის ბუშტის შეკუმშვები, ზოგიერთ ბავშვში ყალიბდება საკმაოდ გვიან.

მეორეული ენურეზი გულისხმობს უნებლიე შარდვის ეპიზოდების აღმოცენებას „მშრალი ღამეების“ რეგულარულად, მინიმუმ 6 თვის მანძილზე არსებობის შემდეგ. მეორეული ენურეზი, უფრო ხშირად ვიდრე პირველადი, თუმცა არა ყოველთვის, შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა სამედიცინო პრობლემას, როგორიცაა მაგ: საშარდე გზების ინფექცია და ა.შ.

მარეგულირებელი მექანიზმების სიმწიფის გარდა, არსებობს უნებლიე შარდვის განვითარებისადმი მომატებული განწყობის სხვა მიზეზებიც. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს გენეტიკური ფაქტორები. ბავშვები, რომელთა მშობლებს აღნიშნებოდათ იგივე პრობლემა ბავშვობაში, ენურეზის განვითარების მომატებული რისკი აქვთ. ენურეზის ხშირი მიზეზია ყაბზობა, ანუ კუჭში შეკრულობა. განავლოვანი მასებით გადავსებული ნაწლავი  შეიძლება აწვებოდეს შარდის ბუშტს და განაპირობებდეს ჩვეულებრივზე ხშირ შარდვას. ენურეზი შეიძლება ასოცირდებოდეს ასევე შაქრიან დიაბეტთან და საშარდე სისტემის განვითარების ანომალიებთან. ბავშვებს, რომელთაც უნებლიე შარდვის ეპიზოდები აღენიშნებათ დღის საათებშიც,  სხვადასხვა პათოლოგიური სამედიცინო მდგომარეობის არსებობის მეტი რისკი აქვთ.

უნდა აგვაღელვოს თუ არა ღამით უნებლიე შარდვამ?

ენურეზი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის აღენიშნება 6 წლამდე ბავშვების 10% და 10 წლამდე ბავშვების 5%. კიდევ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც შარდვა აღინიშნება  კვირაში 1-ჯერ, ან უფრო იშვიათად. ვაჟებში ეს პრობლემა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში.

უმეტეს შემთხვევებში ენურეზი თავისთავად წყდება ბავშვის ზრდასთან ერთად. ასაკზე ყოველი 1 წლის მატებასთან ერთად ენურეზის სპონტანური გაქრობის შანსი 15%-ით იმატებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ენურეზმა შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს თავად ბავშვის და ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობაზე, დაარღვიოს ბავშვის ნორმალური სოციალური აქტივობა (მაგ: მეგობრებთან ღამის გათევა), გავლენა იქონიოს თვითშეფასების ხარისხზე,  რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მისი მკურნალობა.

მეორეული ენურეზი ბავშვის სამედიცინო გამოკვლევის ჩვენებაა, რათა გამოირიცხოს რიგი პათოლოგიური მდგომარეობები, მაგ: საშარდე გზების ინფექცია.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ ძილის სხვა დარღვევები, მაგ: ძილში ხვრინვა და/ან ძილის აპნოე, ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს ენურეზთან.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს აქვს ღამით უნებლიე შარდვა?

პირველ რიგში გაითავისეთ, რომ ბავშვი ვერ აკონტროლებს შარდვას ძილში. შესაბამისად ეს არ შეიძლება იყოს მისი დასჯის მიზეზი.

თუ თქვენი შვილის ასაკი არ აღემატება 7 წელს, შეიძლება მოთმინებით დაიცადოთ, რადგან ასაკთან ერთად მისი გაქრობის შანსი საკმაოდ დიდია.

თუ თქვენი შვილი უკვე 7 და მეტი წლისაა ან ღამის უნებლიე შარდვის ეპიზოდები მნიშვნელოვნად არღვევს თქვენი ოჯახის ჰარმონიულ ცხოვრებას, წარმოადგენს სტრესის მიზეზს თქვენი და თქვენი შვილისათვის, გაითვალისწინეთ და შეასრულეთ შემდეგი რეკომენდაციები.  ისინი დაგეხმარებიან შეამციროთ „სველი ღამეების“ რიცხვი ან სრულად აღმოფხვრათ ისინი.

  • დაიცავით სწორი ჰიგიენა დღის სათებში. გააკონტროლეთ, რომ თქვენი შვილი შედიოდეს ტუალეტში ყოველ 2-3 საათში, არ არიდებდეს ამას თავს მაგ: სკოლაში ყოფნის დროს. შესაძლებელია დღის საათებში მცირედ გაზარდოთ სითხეების რაოდენობა, რადგან ეს გაზრდის შარდის რაოდენობას და დღის მანძილზე შარდის ბუშტის ტრენირების საშუალებას მოგვცემს.
  •  შეამცირეთ სითხეების მიღება საღამოს საათებში;
  • შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, ისინი ახშირებენ შარდვას;
  • ყაბზობის შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი ზომები. გაზარდეთ უჯრედისის წილი ბავშვის საკვებში და მიაწოდეთ ბევრი სითხე. წაახალისეთ კუჭის ყოველდღიური მოქმედება, სასურველია საკვების მიღების შემდეგ.
  • გააღვიძეთ ბავშვი და წაახალისეთ გავიდეს ტუალეტში მოსაშარდად. ეს შეიძლება გააკეთოთ, მაგ: ვიდრე თავად დაწვებით დასაძინებლად ან უფრო უმჯობესია ღამის იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი ყველაზე ხშირად ასველებს ხოლმე ლოგინს. ამ ბავშვების უმეტესობას საკმაოდ ღრმა ძილი ახასიათებთ და მათი შეფხიზლება ჩვეულებრივე დიდ ძალისხმევას მოითხოვს ხოლმე.
  • შეიმუშავეთ სტიკერებისა და ჯილდოს სისტემა. წაახალისეთ ყოველი „მშრალი ღამე“, თუმცა ასევე გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი „სველი ღამე“ არ არის ბავშვის განზრახ ცუდი ქცევა, ან მისი ჩვენდამი პროტესტის ფორმა.
  • აწარმოეთ შარდის ბუშტის ტრენინგი დღის საათებში. ნელნელა გაზარდეთ მიღებული სითხის რაოდენობა და თან გაახანგრძლივეთ ტუალეტში შესვლებს შორის შუალედები. ამით ბავშვი ეჩვევა სავსე შარდის ბუშტით მოთმენას.
  • გამოიყენეთ ღამით შარდვის მაღვიძარა, ანუ სასიგნალო სისტემა, რომელიც გულისხმობს შარდის პირველივე წვეთის საპასუხოდ ხმოვანი სიგნალის ჩართვას ბავშვის გასაღვიძებლად. ეს აჩვევს მას სავსე შარდის ბუშტზე ადეკვატურ რეაგირებას ძილის დროს. სენსორი შეიძლება დამაგრდეს ლოგინის თეთრეულზე ან ბავშვის საცვალზე. მყარი ეფექტის მისაღებად „ტრენინგის“ ხანგრძლივობა შეიძლება 6-დან 16 კვირას მოიცავდეს. შედეგი მნიშვნელოვნადაა  დამოკიდებული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის წევრების სათანადო მოტივაციაზე.
  • ხელმისაწვდომია ასევე მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ღამის შარდვის ეპიოდების სიხშირეს. ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს იმ ჰორმონის ანალოგს, რომელიც თავად ორგანიზმში გამომუშავდება შარდვის შესამცირებლად. სხვები მოწოდებულია შარდვის პროცესის კონტროლის ასამაღლებლად. ზოგი მათგანი არეგულირებს უშუალოდ შარდის ბუშტის შეკუმშვებს. ბავშვების უმეტესობა მედიკამენტს იღებს ერთჯერადად, მაშინ, თუ ისინი ღამეს ათევენ მაგ: მეგობართან და არა საკუთარ სახლში. გარკვეული ნაწილი სვამს წამალს ყოველღიურად. გაესაუბრეთ ბავშვის მკურნალ ექიმს მედიკამენტების დადებითი და გვერდითი ეფექტების შესახებ.