ტეტანუსი და ვაქცინაციის აუცილებლობა

Советы მოზრდილები

ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტეტანუსის ჩხირი იწვევს. ტეტანუსის ჩხირი კი ორგანიზმში ხვდება კანის დაზიანებული საფარიდან, განსაკუთრებით თუ ტრავმა მიღებულია დაბინძურებული საგნით: 

  • ჭრილობა რომელიც დაბინძურებულია ტალახით/მიწით, ფეკალიებით ან ნერწყვით
  • ჭრილობა გამოწვეული კანის ჩხვლეტით, მაგალითად ლურსმნით ან ნემსით
  • დამწვრობა
  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • იშვიათ შემთხვევებში მწერის ნაკბენი, მრავლობითი მოტეხილობები, ქრონიკული ჭრილობები.

ტეტანუსს  საკმაოდ მძიმე სიმპტომები ახასიათებს და შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს

დაავადების ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 3 დღიდან რამდენიმე კვირამდე. რაც უფრო ხანმოკლეა საინკუბაციო პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და მაღალია სიკვდილიანობა.   

ტეტანუსის სიმპტომებია:

  • სარდონიული ღიმილი
  • ტრიზმი (ყბის სპაზმი, კრიჭის შეკვრა)
  • ოპისტოტონუსი
  • კუნთების უცაბედი, უნებლიე შეკუმშვა/სპაზმი, განსაკუთრებით ზურგის კუნთების
  • მთელი სხეულის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა)
  • ყლაპვის გაძნელება
  • ცხელება და ოფლიანობა
  • მაღალი არტერიული წნევა და გახშირებული გულისცემა

დიაგნოზის დასმა ხდება დამახასიათებელი ნიშნების და სიმპტომების მიხედვით.

ტეტანუსი მოითხოვს  გადაუდებელ სამედიცინო  დახმარებას და საჭიროებს:

  • ჰოსპიტალიზაციას
  • მყისიერ მკურნალობას ანტიტეტანური შრატით და იმუნოგლობულინით
  • ვაქცინაციას
  • მედიკამენტებს კუნთების სპაზმის საკონტროლოდ
  • ჭრილობის დამუშავებას
  • ანტიბიოტიკებს

ტეტანუსის საუკეთესო „მკურნალობაა“ პროფილაქტიკა იმუნიზაციის გზით.

მოსახლეობის უმრავლესობა, ვაქცინაციის წყალობით, ტეტანუსისგან დაცულია, ამიტომ ტეტანუსი, ძირითადად ემართებათ მათ, ვისაც მიღებული აქვთ ჭრილობა და არ აქვთ ანტი ტეტანური აცრა ჩატარებული ან აცრა ჩატარებული აქვთ არასრულყოფილად.

საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება 2 თვიდან, ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით და 6 -ჯერადია (2თვის, 3 თვის, 4 თვის, 18  თვის, 5 წლის და 14 წლის ასაკში),  ტეტანუსის ვაქცინა შედის კომბინირებული ვაქცინების შემადგენლობაში, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო  დოზა 14 წლის ასაკში კეთდება, ამის შემდეგ რეკომენდირებულია აცრა 10 წელიწადში ერთხელ.

ჭრილობის მიღების შემთხვევაში (თუ ჭრილობა მიწით დაბინძურდა), დამატებითი დოზის შეყვანა საჭიროა, თუ ბოლო ვაქცინაციიდან გასულია 5 წელზე მეტი, ვაქცინაცია სრულყოფილად არ არის ჩატარებული ან საერთოდ არ არის პაციენტი ვაქცინირებული ტეტანუსზე.

ჩაიტარეთ საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ყველა აცრა.

თუ მცირე ალბათობა მაინც არსებობს, ჭრილობა ინფიცირებული იყოს ტეტანუსის ჩხირით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ქირურგს, მკურნალობა და შემდგომი ვაქცინაცია დამოკიდებულია იმუნიზაციის სტატუსსა და ჭრილობის ბუნებაზე.