სისხლის დაავადებები ბავშვებში

Советы მცირეწლოვანი ბავშვები

ბავშვთა ჰემატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც დაავადებათა ფართო სპექტრს მოიცავს. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, სიცოცხლის ხარისხზე გავლენას არ ახდენს და შესაბამისი მკურნალობის შედეგად მიიღწევა სრული გაჯანსაღება. ამასთან, არსებობს სისხლის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც შედარებით სერიოზული ხასიათისაა და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს.

ამჟამად განვიხილავთ ჰემატოლოგიური პროფილის ორ დაავადებას. პირველი - რკინადეფიციტურ ანემია, ანემიების ჯგუფში ერთიანდება და ბავშვებში ყველაზე მაღალი სიხშირით გვხვდება. მეორე კი, მწვავე ლეიკემია, სისხლის სისტემური დაავადებაა, რომელიც ჰემატოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე მძიმეა და მისგან განკურნება ხანგრძლივი, რთული პროცესია.

რკინადეფიციტური ანემია აღმოცენდება რკინის მეტაბოლიზმის დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული დაავადება ანემიის ძალზე ხშირი ფორმაა, მისი დიაგნოსტირება ადვილად ხდება და ხშირ შემთხვევაში, სხვა ორგანოთა სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი დარღვევის პირველი გამოვლინება შეიძლება იყოს. რკინის დეფიციტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მისი ჭარბი კარგვაა, რაც უფრო ხშირად სისხლდენით არის პირობადებული. გარდა ამისა, რკინადეფიციტური ანემია შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც საკვებიდან რკინის შეწოვა შეფერხებულია.

დიაგნოსტიკა დამყარებულია ანამენზზე, პაციენტის ობიექტურად შეფასებასა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებზე.

რკინადეფიციტური ანემიის კლინიკურ სიმპტომებში ერთიანდება: კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, მადის დაქვეითება, ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობის მომატება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულის ტონების მოყრუება და სისტოლური შუილი (გულის აუსკულტაციის დროს), კანის დისტროფიული ცვლილებები (კანის სიმშრალე, ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი), ფრჩხილების მტვრევადობა, გათხელება, განშრევება (კოილონიქია), გლოსიტი, გინგივიტი, სტომატიტი, დისფაგია, კბილების კარიესი, თანკბილვის დარღვევა, ემალის დეფექტები, ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება, სუბფებრილიტეტი და სხვ.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა კომპლექსურია. იგი მოითხოვს მიზანდასახულ, ხანგრძლივ, რეგულარულ მკურნალობას დაავადების ეტიოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით. რკინადეფიციტური ანემიის პათოგენეზური თერაპია გულისხმობს რკინის პრეპარატების გამოყენებას. კომპლექსურ მკურნალობაში აგრეთვე მნიშვნელოვანია ცხოვრების რეჟიმის და კვების სათანადო ორგანიზაცია.

მწვავე ლეიკემია არის ყველაზე ხშირი სიმსივნური დაავადება, რომელიც გვხვდება ბავშვთა ასაკში. ეს პროცესი იწყება ძვლის ტვინში, ადამიანის ორგანიზმის სისხლმბად ორგანოში. ლეიკემია ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი მიზეზების გამო ირღვევა სისხლის თეთრი უჯრედების მომწიფების ნორმალური პროცესი, ხოლო თეთრი სისხლის უმწიფარი  უჯრედების (ბლასტების) რაოდენობა მკვეთრად მატულობს. მწვავე ლეიკემია მკურნალობის დაწყების დაგვიანების შემთხვევაში მთავრდება სიკვდილით.

ლეიკემიის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სისხლისა და ძვლის ტვინის ნაცხების მიკროსკოპულ გამოკვლევას. ამჟამად ლაბორტორიული კვლევები საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს დაავადების რა ფორმასთან გვაქვს საქმე და გაკეთდეს საკმაოდ დეტალური დასკვნა. შემდგომში, მკურნალობისათვის არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება არამარტო ძვლის ტვინის, არამედ სხვა შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესწავლასაც.

მწვავე ლეიკემიისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია: ტემპერატურის არამოტივირებული მომატება, სიფერმკრთალე „ბავშვი თითქმის გამჭვირვალეა“, გახანგრძლივებული სისხლდენები ცხვირიდან ,ღრძილებიდან ,დაზიანებული კანის საფარველიდან, სისხლჩაქცევები ,რომელიც უმნიშვნელო გარეგანი დაზიანების შედეგად ვითარდება, გარდამავალი ტკივილები ძვლებსა და სახსრებში, ადვილად დაღლა, ტკივილები მუცლის არეში, უმადობა, ლიმფური კვანძების გადიდება.

მწვავე ლეიკემიის მკურნალობა მოიცავს მრავალთვიანი, საკმაოდ ინტენსიური ქიმიოთერაპიით, რომელიც ტარდება სპეციალიზებულ ბავშვთა ონკოლოგიურ განყოფილებაში. შემდგომი ეტაპია ხანგრძლივი დაცვითი თერაპია, რომელსაც ახორციელებს ონკო-ჰემატოლოგი. სრული მკურნალობის ჩატარების ხანგრძლივობა - დაახლოებით ორი წელია. თუ საერთო ჯამში ხუთი წლის განმავლობაში არ განვითარდა დაავადების რეციდივი ბავშვი შეიძლება ჩაითვალოს განკურნებულად.

ზოგიერთ შემთხვევაში ლეიკემიის მკურნალობის პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ  გარკვეულ შემთხვევებში ვერ ხერხდება სასურველი შედეგების მიღწევა ან მიღებული შედეგები მხოლოდ ნაწილობრივია, ვითარდება დაავადების რეციდივი. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია განსაკუთრებულად ინტენსიური ქიმიოთერაპიული მკურნალობა. ინტენსიური ქიმიოთერაპიის დროს მედიკამენტების დოზები ისეთი მაღალია, რომ პრაქტიკულად ხდება სისხლწარმოქმნის პროცესის სრული დათრგუნვა, რის შემდეგაც გამოიყენება მკურნალობის განსაკუთრებული მეთოდი - ძვლის ტვინის, ანუ ღეროვანი უჯრედის გადანერგვა.