საწოვარას გამოყენება

Советы ახალშობილის მოვლა

ახალშობილების უმეტესობას წოვის ძლიერი რეფლექსი ახასიათებს. ზოგიერთი ჩვილი დაბადებამდე საკუთარ ცერებს ან თითებსაც კი წოვს.  გარდა კვებისა, წოვას ხშირად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ, ბევრი მშობელი საწოვარას აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევს. საწოვარას გამოყენება-არგამოყენების საკითხი თქვენი გადასაწყვეტია. გაითვალისწინეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, როდესაც თქვენს ჩვილს საწოვარას სთავაზობთ.
 

დადებითი მხარეები

  • საწოვარას შეუძლია დაამშვიდოს მოუსვენარი ჩვილი. ზოგიერთი ჩვილი რაიმეს წოვისას თავს უბედნიერესად გრძნობს.
  • შესაძლებელია საწოვარა თქვენს ჩვილს დაძინებაში დაეხმაროს, თუ პატარას დაწყნარება უჭირს.
  •  საწოვარას შეუძლია დისკომფორტის შემსუბუქება თვითმფრინავით მგზავრობისას. ჰაერის წნევის ცვლილებით გამოწვეული ყურის დაგუბების  მოსახსნელად პატარებს არ შეუძლიათ გამიზნულად  ყურების  „გატკაცუნება„ ნერწყვის გადაყლაპვით ან დამთქნარებით. საწოვარას წოვა მათ შესაძლოა ამაში დაეხმაროს.
  • საწოვარა ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის შემცირებაში შეიძლება დაგვეხმაროს. საწოვარას წოვამ დღის და ღამის ძილის დროს შეიძლება შეამციროს ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი. თუ პატარას ძუძუთი კვებავთ, ნუ შესთავაზებთ ჩვილს საწოვარას, ვიდრე სამი-ოთხი კვირის არ გახდება და კვების ეფექტურ რეჟიმს არ შეიმუშავებთ.
  • საწოვარები ერთჯერადია. მათი გამოყენების შეწყვეტისთანავე შეგიძლიათ გადაყაროთ. თუ თქვენი ჩვილი ცერის ან თითის წოვას ამჯობინებს, მისი გადაჩვევა შესაძლებელია უფრო რთული აღმოჩნდეს.

 უარყოფითი მხარეები 

  • საწოვარას ნაადრევმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ძუძუთი კვებას. ძუძუს წოვა საწოვარას ან ბოთლის წოვისგან განსხვავდება და ზოგიერთი ჩვილი მგრძნობიარეა ამ განსხვავებების მიმართ.
  • კვლევის თანახმად ხელოვნური ძუძუს თავების ნაადრევი გამოყენება კავშირშია ექსკლუზიური ძუძუთი კვების შემცირებასთან და ძუძუთი კვების ხანგრძლივობის შემცირებასთან.
  • თქვენი პატარა შესაძლოა საწოვარაზე დამოკიდებული გახდეს. თუ თქვენი ჩვილი საწოვარას ძილის დროს იყენებს, შეიძლება გამოეღვიძოს პირიდან მისი გამოვარდნის შემთხვევაში.
  • საწოვარას გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს შუა ყურის ინფექციების რისკი.
  • საწოვარას ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სტომატოლოგიური პრობლემები. საწოვარას ჩვეულებრივი გამოყენება სიცოცხლის პირველ წლებში არ იწვევს გრძელვადიან სტომატოლოგიურ პრობლემებს. თუმცა, საწოვარას ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩვილის თანკბილვის დეფორმირება ან კბილის არასწორი ამოსვლა.

 თუ გადაწყვეტთ თქვენს პატარას საწოვარა შესთავაზოთ, გახსოვდეთ შემდეგი რჩევები:  

  • მოიცადეთ ძუძუთი კვების სათანადოდ დარეგულირებამდე. თუ პატარას ძუძუთი კვებავთ, არ არის რეკომენდებული  ჩვილისთვის საწოვარას შეთავაზება, ვიდრე სამი-ოთხი კვირის არ გახდება და კვების ეფექტურ რეჟიმს არ შეიმუშავებთ.
  • ნუ გამოიყენებთ საწოვარას თავდაცვის პირველ იარაღად. ზოგჯერ პოზის შეცვლას ან დარწევას შეუძლია ატირებული ბავშვის დამშვიდება.  შესთავაზეთ თქვენს ჩვილს საწოვარა მხოლოდ კვების შემდეგ ან კვებასა და კვებას შორის შუალედში.
  • შეარჩიეთ სილიკონის ერთნაწილიანი სარეცხი მანქანისთვის უსაფრთხო საწოვარას ვარიანტი. ორნაწილიანი საწოვარა დახრჩობის საფრთხეს წარმოადგენს გატეხვის შემთხვევაში.
  • თუ თქვენი ახალშობილი საწოვარათი არ დაინტერესდა, ნუ დააძალებთ. თუ ძილის დროს პატარას საწოვარა გადმოუვარდება, ხელახლა ნუ ჩაუდებთ.
  • დაიცავით სისუფთავე. ჩვილისთვის მიცემამდე გულმოდგინედ გარეცხეთ.  ვიდრე თქვენი ახალშობილი ექვსი თვის არ გახდება და მისი იმუნური სისტემა არ მომწიფდება, ხშირად გამოხარშეთ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ექვსი თვის შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ საწოვარა საპნით და წყლით. გაუძელით ცდუნებას და თქვენს პირში ნუ „გამოივლებთ“ საწოვარას. ამით მხოლოდ მეტ ბაქტერიებს გადასცემთ თქვენს პატარას.
  • საწოვარას ნუ დაშაქრავთ. ნუ გამოიყენებთ ტკბილ სითხეებს საწოვარაზე.
  • უსაფრთხოდ შეინახეთ. საწოვარები ხშირად გამოცვალეთ. გამოიყენეთ ბავშვის ასაკთან შესაფერისი ზომა. ყურადღება მიაქციეთ საწოვარას მოშვებულ ნაწილებს ან მისი გაფუჭების ნიშნებს. ასევე სიფრთხილით მოეკიდეთ საწოვარას სამაგრებს. არასოდეს გამოიყენოთ იმდენად გრძელი თოკი ან თასმა, რომ ჩვილს კისრის გარშემო შემოწვდეს.

როდის გადავაჩვიოთ ჩვილი საწოვარას? 

პატარას ასაკის მატებასთან ერთად საწოვარას გამოყენების რისკები აღემატება მის სარგებლიანობას.  მაშინ როდესაც ბავშვების უმეტესობა თვითონ ანებებს თავს საწოვარას ორიდან ოთხი წლის ასაკამდე, ზოგი პატარა დახმარებას საჭიროებს ამ ჩვევის დასაძლევად.

თქვენი შვილის ასაკის გათვალისწინებით დაფიქრდით ქვემოთ შემოთავაზებულ მეთოდებზე, რათა პატარას უარი ათქმევინოთ საწოვარაზე.

  • ახალშობილები. სახვევებში შეხვევა, დარწევა, სიმღერა, წყნარი მუსიკის დაკვრა და საბავშვო მასაჟი შეგვიძლია საწოვარას ეფექტურ  ალტერნატივებად განვიხილოთ.
  • წლამდე  ჩვილები და  ერთიდან სამ წლამდე ბავშვები. აქტივობები, სათამაშოები ან სხვა საყვარელი ნივთები შეიძლება დაგვეხმაროს  საწოვარას მოთხოვნილების დაძლევაში.
  • ერთიდან სამ წლამდე ბავშვები და უფრო მოზრდილები. მოიფიქრეთ რაიმე ცერემონია საწოვარაზე უარის თქმის მიზნით ან ნება მიეცით თქვენს შვილს თავისი საწოვარა განსაკუთრებულ წიგნში ან სათამაშოში გაგიცვალოთ.