ორსულთა პირღებინება

Советы მოზრდილები

ორსულთა გულისრევა  პირღებინებით (50%)  ან მის გარეშე (70-85%) ორსულობათა 90% შემთხვევაში ვითარდება და ორსულობის ადრეული პერიოდის ფიზიოლოგიურ, ჩვეულ მდგომარეობას წარმოადგენს.  ორსულთა გულისრევა და პირღებინება ორსულობის 5-6კვირის ვადიდან იწყება, პიკს აღწევს ორსულობის 9 კვირის ვადისათვის და  უმრავლეს შემთხვევაში ქრება ორსულობის 16-20 კვირის ვადაზე, თუმცა 15-20% შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს ორსულობის 30 კვირის ვადამდე და  5% შემთხვევაში კი-მშობიარობამდეც. მიუხედავად იმისა, რომ  ორსულობასთან ასოცირებულ გულისრევას და პირღებინებას  „დილის გულისრევას“ ან „დილის სისუსტეს“ უწოდებენ, ორსულს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს განუვითარდეს და მთელი დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

ორსულებს მსუბუქი და საშუალო  სიმძიმის გულისრევის და პირღებინების დროს შენარჩუნებული აქვთ ნორმალური სასიცოცხლო ნიშნები,  ფიზიკალური და ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები და მკურნალობა არ ესაჭიროებათ. ხშირად საკმარისია  საკმარისია მხოლოდ შემდეგი  დიეტური რეკომენდაციების დაცვა:  ხშირი კვება,  1-2სთ-ში ერთხელ, მცირე ულუფებით, მშრალი და არა თხევადი, გრილი და არა ცხელი  საკვებით,  იმ საკვებით, რომელსაც ორსული უკეთ ითვისებს,   შიმშილის შეგრძნების გაჩენამდე, ცივი , მჟავე სასმელის მიღება კვებებს შორის,  კერძოდ საკვების მიღებამდე  ან შემდეგ 30წთ-იანი ინტერვალით, მცირე ულუფებით;   დილით უზმოზე, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან ადგომამდე წასუსნავება მაგ.  კრეკერებით, ან ბისკვიტით  ან სტაფილოთი და სხვა. საკვების მიღების შემდეგ კბილების გაწმენდამ, ნერწყვის გადმოფურთხებამ, პირის ღრუს ხშირმა გამორეცხვამ შესაძლებელია შეამციროს  გულისრევის შეგრძნება.

ძალზედ მნიშვნელოვანია გარემომცველი  მაპროვოცირებელი ფაქტორების  ზემოქმედების თავიდან აცილება; ასეთ გამაღიზიანებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: დახუთული, უჰაერო ოთახი, სხვადასვხა სუნები ( სუნამოს, ქიმიური ნივთიერებების, საკვების, თამბაქოს), სიცხე, ხმაური, ტენიანობა და სხვ. პოზიციის სწრაფი შეცვლა, არასაკმარისი დასვენება, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ; არ არის რეკომენდებული რკინის შემცველი პრეპარატების მიღება სიმპტომების აღმოფხვრამდე, რადგან რკინის პრეპარატები იწვევს გულისრევის და პირღებინების პროვოცირებას.

იმ შემთხვევაში, თუ არაფარმაკოლოგიურ ინტერვენციები არაეფექტური აღმოჩნდა, შესაძლებელია ორსულებისათვის  მედიკამენტების შეთავაზება დედისა და ნაყოფისათვის მათი უსაფრთხოების გათვალისწინებით:

  • პირიდოქსინი ( vit.B6)  10-25მგ. ყოველ 6-8სთ-ში ერთხელ მნიშვნელოვნად აქვეითებს  მხოლოდ გულისრევის  შეგრძნებას;
  • კოჭა 1-1,5გ./24სთ-ის განმავლობაში  -ეფექტურია გულისრევის შეგრძნების შესამცირებლად. რეკომენდებულია კოჭას შემცველი საკვების მაგ.: კოჭას ჩაი, კოჭას საწუწნი კამფეტი ან  კოჭას საკვებისმიერი დანამატების ( 250მგ. 4-ჯერ დღეში) მიღება;
  • ანტიჰისტამინურ პრეპარატებს  შორის  რეკომენდებულია doxylamine-ის გამოყენება, რომლის  ეფექტურობა და უსაფრთხოება  ყველაზე უკეთ არის შესწავლილი.


მდგომარეობას, როცა    პირღებინება  ხშირდება ( დღეში >3-4) ან ხდება შეუჩერებელი, რასაც თან ახლავს სხეულის წონის >5%-ით კლება, კეტონურია,  ორსულთა ძლიერი პირღებინება ეწოდება; ის პათოლოგიურ მდგომარეობას წარმოადგენს, რომლის დროსაც საჭიროა დამატებით მედიკამენტოზურ მკურნალობის დანიშვნა და ხშირად ჰოსპიტალიზაციაც. ამ შემთხვევაში ორსულმა  სასწრაფოდ უნდა მიმართოს ქალთა კონსულტაციის ექიმს.