მენინგიტი

Советы მოზრდილები

რა არის მენინგიტი?

მენინგიტი ეს არის ტვინის რბილი გარსების ანთება, რომელსაც ძირითადად იწვევს ბაქტერია ან ვირუსი. აქედან გამომდინარე, არჩევენ ვირუსულ და ბაქტერიულ მენინგიტს (გავრცელებული სახელწოდება “მფრინავი მენინგიტი” არ არის სამედიცინო ტერმინი, მას შეიძლება საფუძვლად ედოს ინფექციის გავრცელების გზა, როდესაც დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედება ჰაერ-წვეთოვანი გზით).

როგორ ვრცელდება დაავადება?

დაავადება შეიძლება გავრცელდეს სხეულის ნებისმიერი ნაწილში არსებული ინფექციური კერიდან, როგორიცაა კანი, საშარდე და საჭმლის მომნელებელი სისტემა, მაგრამ ყველაზე ხშირად ინფექციის წყარო ხდება სასუნთქი სისტემა. დაავადება ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან ცხვირიდან ან პირის ღრუდან გამოყოფილი წვეთების საშუალებით ლაპარაკის, ხველების ან ცხვირცემინების დროს. ინფექცია ასევე შეიძლება გავრცელდეს დაავადებული ადამიანის საყოფაცხოვრებო ნივთების, პირსახოცის და ა.შ. გამოყენების შემთხვევაში.

დაავადებისათვის აუცილებელია ინფექციის წყაროსთან ხანგრძლივი და ახლო კონტაქტი, ამიტომ მენინგიტის გავრცელებას სეზონური ხასიათი აქვს, მატულობს ზამთარსა და გაზაფხულზე, ხშირია “დახურულ” კოლექტივებში (ბავშვთა ბაგები, სკოლები).

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბაქტერიის ან ვირუსის გადაცემა არ ნიშნავს, რომ ეს პიროვნება მენინგიტით გახდა ავად. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ყელის ტკივილით, ხველით და ტემპერატურით ან ადამიანი სრულიადაც არ გახდეს ავად და დაავადება მიმდინარეობდეს კლინიკური გამოვლინების გარეშე (ე.წ. “მტარებლობა”). თუმცა ეს “მტარებელიც” ინფექციის გავრცელების წყაროს წარმოადგენს.

რომელ ასაკში არის მენინგიტი უფრო ხშირი?

მენინგიტი, გამოწვეული ბაქტერიებით, უფრო ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში და 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. სტრეპტოკოკი, ეშერიხია, ლისტერია უფრო ხშირია ახალშობლებში, პნევმოკოკი და მენინგოკოკი 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში. ვირუსული მენინგიტი (ენტეროვირუსული, ჰერპესვირუსული) უფრო ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში.

როგორია მენინგიტის კლინიკური ნიშნები?

დაავადების კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია როგორც ბავშვის ასაკზე, ისე დაავადების გამომწვევზე (ვირუსი თუ ბაქტერია). ვირუსული მენინგიტი ჩვეულებრივ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ბაქტერიული, თუმცა დაავადების საწყისი ნიშნები შეიძლება ერთნაირი იყოს. 

მენინგიტის პირველი ნიშნებია ცხელება, ღებინება, ლეთარგია (ძილიანობა) ან აღგზნება. მოზრდილი ასაკის ბავშვები უჩივიან თავის ძლიერ ტკივილს, კუნთების ტკივილს, ავადმყოფს აღიზიანებს ხმაური, სინათლე. შეიძლება აღინიშნოს კეფის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა). დაავადების ყველაზე მძიმე ფორმის (მენინგოკოქცემიის) დროს დაავადების პირველივე საათებში ვითარდება სხვადასხვა ფორმის სისხლჩაქცევები.

ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში დაავადების კლასიკური ნიშნების ნაცვლად ვლინდება ძლიერი აღგზნება ან მივარდნილობა, ძილიანობა. შეიძლება აღინიშნოს ე.წ. პარადოქსული აღგზნება: როდესაც ბავშვი დედას აჰყავს ხელში, ეს იწვევს არა ბავშვის დაწყნარებას, არამედ კიდევ უფრო მეტ აღგზნებას.

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ დაავადება?

მენინგიტის თავიდან აცილების ერთ-ერთ საშუალებას ჰიგიენის წესების მარტივი დაცვა წარმოადგენს: ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ ახლო კონტაქტს შესაძლო დაავადებულთან, არ ისარგებლოთ საერთო ჭურჭლით და ა.შ.  დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.