კრუპი

Советы მცირეწლოვანი ბავშვები
რა არის კრუპი და რა იწვევს მას?

კრუპი, ანუ მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი, ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციის ყველაზე გავრცელებულ სინდრომს წარმოადგენს. კრუპი ძირითადად ვირუსული ეტიოლოგიისა და მას შემთხვევათა უმრავლესობაში პარაგრიპის  ვირუსი იწვევს. ინფექციის გავრცელების გზა ჰაერ-წვეთოვანია. პირველ ჭიშკარს ცხვირ-ხახა წარმოადგენს, შემდეგ ხდება ხორხისა და ტრაქეის შეშუპება, რაც ზედა სასუნთქი გზების შევიწროებას განაპირობებს. ამას ემატება ხმოვანი იოგის შეშუპება, რაც საერთო ჯამში დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ სურათს ქმნის.

რა ასაკში არის კრუპი ყველაზე ხშირი?

კრუპის მაქსიმალური სიხშირე 6 თვიდან 3 წლამდე ასაკში აღინიშნება, ხოლო 6 წლის ზემოთ ასაკში კრუპის სიმპტომატიკის არსებობის შემთხვევაში განხილული უნდა იყოს სასუნთქი გზების ანატომიური დეფექტის არსებობა. კრუპის სიხშირე მატულობს გვიან შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში. შემთხვევათა 5%-ში შესაძლებელია დაავადების განმეორება. დაავადება 2-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში.

რა არის დაავადების ნიშნები
  
დაავადება იწყება ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ყელის ტკივილით, ხველით. შეიძლება აღინიშნოს სუბფებრილური ტემპერატურა ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენების გარეშე. თანდათან იცვლება ხმის ტემბრი და ხველა ღებულობს მყეფავ ელფერს. სტრიდორი (ხმაურიანი, გაძნელებული ჩასუნთქვა) ჩვეულებრივ ვითარდება ღამით და აღვიძებს ბავშვს. ხშირი, ხმამაღალი ხველა და გაძნელებული სუნთქვა ბავშვის მშობლების შიშის ძირითადი მიზეზი ხდება (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების ნიშნები ხშირად უარესდება ბავშვის საწოლში წოლის დროს). სწორედ ეს სამი სიმპტომი (შეტევითი ხასიათის მყეფავი ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა, ხმაურიანი, გაძნელებული ჩასუნთქვა) წარმოადგენს კრუპის ძირითად ნიშნებს. დაავადება გრძელდება 5-6 დღე, თუმცა ყველაზე მძიმე პირველი ღამეა.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ კრუპს?

დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში (როდესაც არ არის სტრიდორი და სუნთქვის გაძნელება) შესაძლებელია ბინაზე მკურნალობა. სამედიცინო დახმარების ძირითადი მიზანია ზემო სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა. ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა არა აუცილებელი მტკივნეული პროცედურა, ვინაიდან ხანგრძლივი ტირილი ზრდის ჟანგბადზე მოთხოვნილებას. შეიძლება სასარგებლო იყოს რამდენიმე მარტივი რჩევა:
  • ეცადეთ დააწყნაროთ ბავშვი, ვინაიდან ტირილი ზრდის ლორწოს გამომუშავებას და აძლიერებს ხველას;
  • ეცადეთ არ ჩავარდეთ პანიკაში. თქვენი ნერვიულობა არ შეუწყობს ხელს ბავშვის დამშვიდებას;
  • როდესაც ბავშვი წევს საწოლში, მაღლა წამოწიეთ ბალიში. ეს ხელს შეუწყობს სუნთქვას და შეამცირებს ხველას;
  • სცადეთ ჰაერის დატენიანება. ამისათვის შეგიძლიათ შეიყვანეთ ბავშვი აბაზანაში, სადაც მოშვებული გექნებათ ცხელი წყალი.
  • შესთავაზეთ საკვები მცირე ულუფებით და უფრო ხშირად;
  • მიეცით ბავშვს საკმარისი რაოდენობით სითხე;
  • ეცადეთ იმ ოთახში, სადაც ბავშვი წევს, არ იყოს მაღალი ტემპერატურა. ცხელი და მშრალი ჰაერი აუარესებს სუნთქვას და აძლიერებს ხველას. პირიქით, გრილი ჰაერი და მაღალი ტენიანობა გააუმჯობესებს სუნთქვას და შეამცირებს ხველას;
  • კრუპის ნიშნები ყოველთვის უარესდება ღამით. ამიტომ დარჩით ბავშვთან ერთად ან დატოვეთ მისი საძინებლის კარები ღია.
საშუალო და მძიმე კრუპის დროს აუცილებელია ბავშვის საავადმყოფოში მოთავსება.