კოღოს ნაკბენი

Советы მოზრდილები

ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს მწერებით, განსაკუთრებით კი კოღოებით დაკბენის შემთხვევები. თითქმის ყველა ადამიანი მგრძნობიარეაკოღოს ნაკბენის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ორგანიზმის იმუნური სისტემა საკმაოდ მძიმე ალერგიული რეაქციის სახით პასუხობს მის ნაკბენს. ყველაზეაქტიურები კოღოები შებინდებისას და გამთენიისას არიან, ამასთან იკბინებიან მხოლოდ მდედრები.

კბენისას  კოღო  თავისი ხორთუმისებრი პირის აპარატით მსხვერპლის სისხლს ამოწოვს. ყველაზე ხშირად ადამიანის კანზე კბენის შემდეგ მოვარდისფრო- წითელი ქავანა პაპულები ჩნდება, შეშუპებით და ზოგიერთ შემთხვევაში ცენტრში წვრილი ბუშტუკით. ეს ორგანიზმის   იმუნური სისტემის რეაქციაა კოღოს  ნერწყვში შემავალი ტოქსინის მიმართ.

მკვლევარების აზრით თუ ადამიანი ჭარბი წონის არის, აცვია მუქი სამოსი რომელიც სითბოს  აკავებს, აქვს პირველი ჯგუფის სისხლი და იმყოფება ტენიანი ტროპიკული ან სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, არის მაღალი რისკის ჯგუფში, რომ დაიკბინება კოღოს მიერ.  

კანზე სიმპტომები ჩნდება დაკბენიდან 48 საათამდე. ამერიკის ალერგიის ასთმის და იმუნოლოგიის აკადემიის მიხედვით აუცილებელია კოღოს კანთან კონტაქტი როგორც მინიმუმ 6 წამი რომ ორგანიზმის  იმუნური რეაქცია გამოიწვიოს.

კოღოს ნაკბენის მიმართ (განსხვავებით ზოგიერთი სხვა მწერისგან) ადამიანის ორგანიზმი თანდათან ნაკლებ მგრძნობიარე ხდება. შესაბამისად ბავშვობის ასაკში ნაკბენზე რეაქცია გაცილებით მწვავედ ვლინდება ვიდრე მოზრდილებში.

უფრო მძიმე ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს:

ქავილი კანის დიდ ფართობზე, ნაკბენთან ახლოს სისხლჩაქცევები, ლიმფანგიტი, ანაფილაქსია (სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც იწვევს შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას და მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას)

გარდა ალერგიული რეაქციებისა სხვადასხვა სახეობის  მოსკიტის შესაძლოა ისეთი სერიოზული დაავადებების გადამტანი გახდეს, როგორიცაა: ლეიშმანიოზი, მალარია, ზიკას ვირუსი, ყვითელი ცხელება და ა.შ

ამ დაავადებებიდან საქართველოში უპირატესად ლეიშმანიოზი გვხვდება, რომლის გადამტანი მოსკიტის ერთ-ერთი სახეობა- კოღო ფლებოტომუსია. არსებობს მისი კანის, კან-ლორწოვანის და ვისცერული ფორმები. კანის ფორმის დროს კბენიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში (2-9 თვე) კანზე ჩნდება მცირე ზომის პაპულა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ჩირქოვანი ნადებით დაფარულ, უსწორო კიდეების მქონე წყლულად გარდაიქმნება, ზომაში მატულობს, ხოლო დაახლოებით 1 წელიწადში ნაწიბურდება. ვისცერული ლეიშმანიოზის დროს პაციენტს აღენიშნება ცხელება, ღვიძლის და ელენთის გადიდება, ანემია, ლეიკოპენია.

კოღოს კბენისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება,  კანის ტანსაცმლით დაცვა, განსაკუთრებით ენდემურ რაიონებში ყოფნისას (წყალსატევებთან ახლოს, ლაშქრობისას). ფანჯრებზე დამცავი ბადეების გამოყენება, სხვადასხვა ქიმიური რეპელენტების(კოღოს საწინააღმდეგო სპრეი, კრემი ან სითხე) გამოყენება, ბუნებრივი რეპელენტებიდან აღსანიშნავია დარიჩინის, ევკალიპტის, რეჰანის, ჩაის ხის ზეთის ან კედრის ზეთის გამოყენება, რომელთა სუნზეც კოღოები აღარ მოგვეკარებიან.

თუ საუკეთესო პრევენციული ღონისძიების მიუხედავად მაინც გავხდით კოღოს მსვერპლი,  კანის ნორმალური რეაქციის შემთხვევაში საკმარისია ცივი საფენის, ყინულის ან ლოკალური ქავილის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება. ხოლო თუ სახეზე გვაქვს უფრო სერიოზული ალერგიული რეაქცია აუცილებელია მივიღოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი და სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს.

მოსკიტის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის განვითარება არც თუ ისე ხშირია, თუმცა არის შემთხვევები , როდესაც ექიმის დახმარება აუცილებელი ხდება. თუ თქვენ გაქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები მოსკიტის ნაკბენზე და ცხოვრობთ ან ისვენებთ ენდემურ რაიონში, თუ შენიშნეთ ნაკბენის უცნაური ცვლილება-დაწყლულება, დიდ ფართობზე გაწითლება ან სისხლჩაქცევა ან თუ კბენის შემდგომ აღგენიშნათ ტემპერატურის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა, სისუსტე და უმადობა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს.

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!