იმუნიზაცია

Советы მცირეწლოვანი ბავშვები

იმუნიზაცია არის ინფექციური დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის საშუალება ვაქცინის შეყვანის (აცრის) გზით.

რატომ გვესაჭიროება იმუნიზაცია?

ვაქცინები იმუნობიოლოგიური პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ან ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს,  ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს.

ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამოიმუშავოს ანტისხეულები - ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას.

როგორ მოქმედებს აცრა?

თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებებისაგან. იმ შემთხვევაში თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გარეშე.

როდის უნდა ავცრათ ბავშვი?

პირველი იმუნიზაცია ტარდება სამშობიაროშივე: ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის წინააღმდეგ. სხვა აცრები ტარდება იმუნიზაციის გეგმის მიხედვით 2 თვის ასაკიდან.

იმუნიზაციით მართვადი ინფექციებია: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ინფლუენსა ბ ტიპის, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, ბ ჰეპატიტი, როტავირუსული ნაწლავური ინფექცია, პნევმოკოკური  ინფექცია. ბავშვი 12 საშიში ინფექციის წინააღმდეგ იცრება 1 წლის განმავლობაში.

ვაქცინების წარმატებით გამოყენების შედეგად მსოფლიოში გაქრა ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, ზოგიერთ ქვეყანაში პოლიომიელიტი და დიფტერიაც კი.

იმუნიზაცია იცავს არა მარტო თქვენს ბავშვს, იგი იცავს თქვენს ოჯახს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა მძიმე მიზეზის გამო ვერ აიცრნენ.

გახსოვდეთრომ ბავშვის აცრა არასოდესაა ძალიან დაგვიანებული!

მაშინაც კი, თუ თქვენმა ბავშვმა გამოტოვა გეგმიური აცრა და გასცდა იმ ასაკს, რომელიც საუკეთესო იყო აცრისათვის, არ გაქვთ საკმარისი მიზეზი აცრის გასაუქმებლად და მაინც უნდა მიმართოთ სამედიცინო პერსონალს ბავშვის იმუნიზაციის ჩატარების თაობაზე.

არის კი ვაქცინა უსაფრთხო?

სანამ ვაქცინა ლიცენზირებას მიიღებს გამოყენების უსაფრთხოებაზე, ის საგანგებოდ და ხანგრძლივად მოწმდება. ლიცენზირების შემდეგაც კი ვაქცინის ყველა გვერდითი რეაქცია დაკვირვების ქვეშაა და აღირიცხება. ყველა წამალს შეუძლია გვერდითი არასასურველი რეაქციების და გართულებების გამოწვევა – ამ თვალსაზრისით ვაქცინები ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების რიგშია.

აცრის შემდგომი გართულებების რისკი იმდენად უმნიშვნელოა ინფექციური დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტიანობა უდავოა.

არსებობს ვაქცინაციის დროებითი  და  მუდმივი უკუჩვენება, ასევე ცრუ უკუჩვენება:

მუდმივი უკუჩვენება - ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში: ალერგიული რეაქცია ან გართულება (ანაფილაქსია, შოკი, კოლაფსი, ენცეფალოპათია ან ენცეფალიტი, კრუნჩხვა ტემპერატურული ფონის გარეშე) ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე.

ცოცხალი ვაქცინები (წწყ, ოპვ) არ კეთდება: ლეიკოზის, ლიმფომის, სიმსივნური დაავადების, სიმპტომური ან უსიმპტომო აივ/შიდსის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან,    თუ მიმდინარეობს კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზით მკურნალობა, სხივური თერაპია, ანაფილაქსიური რეაქცია კვერცხის ცილაზე, ორსულობის შემთხვევაში, არაგანკურნებული აქტიური ტუბერკულოზის შემთხვევაში.

დროებითი უკუჩვენებაა: საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება მკაფიოდ გამოხატული კლინიკური ნიშნებით ტემპერატურით და/ან მის გარეშე-ვაქცინაცია არ ტარდება გამოჯანმრთელებამდე; სამშობიაროში 2000 გრ-ზე ნაკლები წონის  ახალშობილები არ იცრებიან წონის კორექციამდე; სისხლის ან სისხლის სხვა პროდუქტების ხშირი გადასხმის შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარების საკითხს და ვადებს წყვეტს ექიმი; 4. საყურადღებოა პაციენტი, რომელსაც დტყ წინა დოზის შეყვანიდან არაუგვიანეს 3 სთ-ში განუვითარდა:>40,5 ტემპერატურა, კოლაფსი ან შოკის მსგავსი სტატუსი, კრუნჩხვა, შეუჩერებელი ხანგძლივი ყვირილი ან ტირილი  3 საათის განმავლობაში.

,,ცრუ უკუჩვენებებია“ დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ აცრების უკუჩვენებას: პერინატალური ენცეფალოპათია; სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა; ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი; თიმუსის ჩრდილის გადიდება; ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, "დიათეზი"; განვითარების მანკები, ფერმენტოპათია; დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე); ინფექციურ დაავადებასთან კონტაქტი ახლო      წარსულში; დღენაკლულობა ან მცირე წონითდაბადება; ალერგია ნათესავებში; ეპილეფსია, რომელიც მკურნალობას ემორჩილება; ორსული დედა; მცირედ ან ზომიერადგამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზის შეყვანისას;

ზოგიერთ ბავშვს  აცრის შემდეგ შესაძლოა განუვითარდეს შემდეგი  მსუბუქი რეაქციები: სიწითლე, შესივება და მტკივნეულობა ჩხვლეტის ადგილზე (რაც თავისთავად გაივლის),  ცხელება.