გულსისხლძარღვთა პრობლემები, ციანოზი

Советы მცირეწლოვანი ბავშვები

ციანოზი  არის კანის და ლორწოვანი გარსების სილურჯე. ის ყველაზე შესამჩნევია  ტუჩების , ფრჩხილების, ყურის ნიჟარების და თვალის ირგვლივ, იქ სადაც კანი არის თხელი. ეს არის სიმპტომი, რომელიც პირველად ადვილად დგინდება თვალით და არა ლაბორატორიული ტესტებით. საუკეთესო საშუალება ციანოზის აღმოსაჩენად, ფრჩხილების, ლორწოვანის და ენის დათვალიერებაა.

ციანოზს განაპირობებს არტერიული სისხლის ჟანგბადით არასაკმარისი გაჯერება და იგი შესამჩნევი ხდება მაშინ როდესაც დეოქსიგენირებული ჰემოგლობინის აბსოლუტური კონცენტრაცია სისხლში მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს - 4გრ/დლ.  სისხლის ჟანგბადით გაჯერებას  ეწოდება სატურაცია და იგი იზომება პულსოქსიმეტრიის საშუალებით.

გამოყოფენ ე.წ. პერიფერიულ და ცენტრალურ ციანოზს. პერიფერიულია ციანოზი როდესაც კანი მოლურჯო ელფერს იღებს ლოკალურად, კიდურების არეში ან ტუჩების ირგვლივ, ხოლო ცენტრალური ციანოზი ვლინდება მთელს სხეულზე , თავის, ტორსის არეში და ასევე ლორწოვანზე.

პერიფერიული ციანოზი ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში ხშირად  ნორმალური მოვლენაა და უკავშირდება სისხლძარღვთა ადგილობრივ სპაზმს, რომელიც ვითარდება სხეულზე ცივი ჰაერის ან ცივი წყლის ზემოქმედებისას.  იგი  გარდამავალია. ამის თვალსაჩინო მაგალითია ე.წ. პერიორალური ციანოზი (ციანოზი ცხვირ/ტუჩის არეში) ჯანმრთელ ჩვილებში .   ამ დროს არტერიული სისხლის ჟანგბადით გაჯერება ნორმის ფარგლებშია.

ცენტრალური ციანოზი არასოდეს არ არის ნორმა, ის  ყოველთვის ასოცირდება არტერიულ სისხლში ჟანგბადის მკვეთრად დაბალი შემცველობასთან და შესაძლებელია იყოს გულის, ფილტვების და/ან  სისხლის დაავადებების გამოვლინება.

ჟანგბადით მდიდარი სისხლი არის წითელი, ალისფერი, ხოლო მისი კონცენტრაციის დაქვეითება იწვევს სისხლის მოლურჯო/იისფერ შეფერილობას. ალისფერი სისხლი რომელიც მოძრაობს უწვრილეს სისხლძარღვებში აძლევს კანს  ჯანმრთელ მოვარდისფრო/მოწითალო ელფერს, ხოლო ლურჯი სისხლის გადაადგილება სისხლძარღვებში კანს ხდის მოლურჯო იისფერს.

ცენტრალური ციანოზის განვითარების შესაძლო უხშირეს მიზეზებს წარმოადგენს

სასუნთქი სისტემის დაავადებები

სასუნთქი გზების ობსტრუქცია (გამავლობის დარღვევა) / თანდაყოლილი ან შეძენილი, კრუპის სინდრომი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოპულმონური დისპლაზია , ასთმა და ა. შ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებები

გულის თანდაყოლილი დეფექტები. გულის შეგუბებითი უკმარისობა, ფილტვების პირველადი ჰიპერტენზია და ა.შ.

ციანოზს იწვევს  ე.წ *ლურჯი* მანკები. როდესაც ჟანგბადით ღარიბი სისხლი ვერ აღწევს ფილტვს სადაც უნდა გამდიდრდეს ჟანგბადით ან ჟანგბადით ღარიბი სისხლი გულის შიგნით არსებული ხვრელების საშუალებით ერევა ჟანგბადით მდიდარ სისხლს.

*ლურჯ* გულის თანდაყოლილ მანკებს მიეკუთვნება:  მაგისტრალურ სისხლძარღვთა ტრანსპოზიცია, ფალოს ტეტრადა, საერთო არტერიული ღერო, ფილტვის ვენების ტოტალური ანომალური დრენაჟი, გულის მარცხენა წილების ჰიპოპლაზიის სინდრომი და ა.შ.

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს  შვილს აქვს ციანოზი აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს.

ექიმს უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • როდის დაიწყო სილურჯე, რა სიხშირის ,ხანგრძლივობისაა ციანოზის ეპიზოდები,

ახალშობილის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია  ინფორმაცია დედის ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის შესახებ.

  • ახლავს თუ არა მას ხველა, ხმაურიანი სუნთქვა ან ქოშინი
  • იღებს თუ არა პაციენტი რაიმე მედიკამენტს.
  • არის თუ არ ბავშვის ზრდა განვითარება ასაკის შესაბამისი
  • ჰქონდა თუ არა ბავშვს უკანასკნელ პერიოდში კონტაქტი ინფექციურ დაავადებასთან
  • როგორია პაციენტის ოჯახური ანამნეზი.

გულმკერდის რენტგენოგრაფია, გულის ექოსკოპიური კვლევა, შესაძლებელია გახდეს საჭირო ციანოზის მიზეზის დასადგენად.

თანდაყოლილი მანკის შემთხვევაში დროული დიაგნოსტიკა და ოპერაცია, შესაძლებელია სიცოცხლის გადამრჩენი იყოს.