ფიმოზი ბავშვებში

Советы ახალშობილის მოვლა

ფიმოზი წარმოადგენს ჩუჩის გარეთა ხვრელის შევიწროებას, რის გამოც შეუძლებელია ჩუჩის გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა. 1 წლის ასაკში 50% ბიჭებში ჩუჩა ასოს თავზე ბოლომდე გადადის, 3 წლის ასაკში კი ეს მაჩვენებელი 89% აღწევს. 

ფიმოზი შეიძლება იყოს: 

ა) პირველადი (ფიზიოლოგიური) - ჩუჩის გარეთა რგოლის ნაწიბუროვანი შევიწროება არ არის. მისი გათიშვა ასოს თავისაგან და სმეგმის მოცილება ადვილია. 3-4 წლის ასაკში ჩუჩა თავისთავად სცილდება ასოს თავს მისი ზრდის გამო.

ბ) მეორადი (ნაწიბუროვანი) - ჰიპერტროფირებული, ატროფიული, სრული და არასრული. ფიმოზის დროს მოშარდვის აქტი გაძნელებულია. შარდის ნაკადი ვიწრო, გაფანტული, მის ფონზე შეიძლება განვითარდეს შარდის რეფლექტორული შეკავება ან შარდის შეუკავებლობა. ზოგჯერ ადგილი აქვს სპონტანურ ერექციას. აქვე აღსანიშნავია პარაფიმოზი, როგორც ფიმოზის გართულება. გადაწევისას ჩუჩის შევიწროებული გარეთა რგოლი წრიულად ჩაიჭედება და გადმოწევის საშუალებას არ იძლევა. ეს კი იწვევს ძლიერ ტკივილს, ადგილობრივად ცირკულაციის მოშლას და შეშუპებას. შეიძლება განვითარდეს ასოს თავისა და ჩუჩის ნეკროზიც კი.

ფიმოზის დიაგნოზი ისმება გასინჯვით. აღინიშნება მომჭერი რგოლის განვითარების რისკი. აუცილებლად უნდა შეფასდეს შესაბამისობა ჩუჩის ჭრილსა და ასოს თავის დიამეტრს შორის. დამატებით შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი, რომელიც ასოს ვენტრალურ გადახრას იწვევს.

ფიმოზის მკურნალობა ბავშვებში გულისხმობს პლასტიკურ (დორზალური ჩაჭრა, ნაწილობრივი ცირკუმციზიო) ან რადიკალურ წრიულ მოკვეთას (ცირკუმციზიო).

პლასტიკური განაკვეთი შეიცავს ფიმოზის განმეორებითი განვითარების რისკს. რადიკალური მოკვეთით მიიღწევა ჩუჩის სასურველი გადასვლა ასოს თავზე. იმავდროულად არსებული შეხორცება ითიშება. რიგ შემთხვევაში ტარდება ლაგამის კორექცია- ფრენიკოტომია.

მეორადი ფიმოზი წარმოადგენს ოპერაციული მკურნალობის აბსოლუტურ ჩვენებას.

პირველადი ფიმოზის დროს ოპერაციული მკურნალობა ტარდება ისეთი გართულებების შემთხვევაში, როგორიცაა: მორეციდივე საშარდე გზების ინფექცია-ბალანიტი, ბალანოპოსტიტი; ჩუჩის გარეთა რგოლის ნაწიბუროვანი გადაგვარება; რელიგიური პრინციპი.

მოშარდვისას, ჩუჩის გადაბერვა არ წარმოადგენს ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას.

ახალშობილობის პერიოდში ასოს სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით ცირკუმციზიოს ჩატარება გამართლებული არ არის. ფიზიო-ლოგიური ფიმოზი, თუ მას გართულება არ ახლავს, 2 წლამდე მკურნალობას არ საჭიროებს.