დამწვრობა

Советы მცირეწლოვანი ბავშვები

დამწვრობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა ბავშვთა ასაკში. განასხვავებენ თერმულ, ქიმიურ, ელექტრულ და სხივურ (რადიაციულ) დაზიანებებს.

თერმულ დაზიანებას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, ცხელი ადუღებული სითხე, გავარვარებული მკვრივი საგნები, (უთო) ორთქლი, მზის სხივები და სხვა. დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის  ფართობი და სიღრმე. მშობელმა უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს დამწვრობის პირველსავე  წუთებში, რადგან არასწორად გაწეული პირველადი დახმარება ხელს უშლის დამწვრობის შემდგომ მკურნალობას, ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას და ზოგჯერ სავალალო  შედეგსაც იწვევს.

გავრცელებული შეცდომები

დამწვრობის დროს შინაური საშუალებების გამოყენება: კარაქი, ზეთი, სოდა, კბილის პასტა და სხვა. (ცხიმი აპკივით ეფარება დამწვარ კანს, არ აძლევს გაგრილების საშუალებას და პროცესი შეჩერების ნაცვლად ღრმავდება.

შინაური მალამოების გამოყენება. (არ არსებობს გარანტია მათი სტერილურ გარემოში დამზადების შესახებ).

როგორ მოვიქცეთ დამწვრობის დროს

  • პირველ რიგში საჭიროა დამწვრობის გამომწვევი თერმული აგენტის მოქმედების შეწყვეტა - ცეცხლის ჩაქრობა ან დაზიანებულის გამოყვანა დამწვრობის ზონიდან.
  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა (დამწვრობის ზედაპირის ფართობის და სიღრმის გათვალისწინებით)
  • სასწრაფოდ მოაშორეთ ტანსაცმელი (უკეთესია მოვჭრათ), არ მოაშოროთ მიმწვარი ტანსაცმლის ნარჩენები (შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოთ)
  • მოაშორეთ სამკაულები.(შეშუპების შემთხვევაში მოშორება გაგიჭირდებათ)
  • აუცილებელია დროულად დავიწყოთ დამწვარი არის გაგრილება ცივი წყლით: ის შეამცირებს ადგილობრივად შეშუპებას და ტკივილს
  • დაზიანებული ადგილი ჩამობანეთ სუფთა წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში.  
  • არ  გამოიყენოთ ყინული.
  • არ გახსნათ ბუშტუკები (გაზრდის ინფექციის შეჭრის ალბათობას)
  • დახმარების წინ დაიბანეთ ხელები (თუ საშუალება გაქვთ გამოიყენეთ ხელთათმანი)
  • მიეცით ტკივილგამაყუჩებელი.
  • დამწვარ ადგილზე დაადეთ ტენიანი სტერილური საფენი.
  • გამოიყენეთ  მხოლოდ  ქარხნული  წესით  დამზადებული მალამოები.
  • საჭიროების  შემთხვევაში  სპეციალისტის(კომბუსტოლოგის) კონსულტაცია.

პირველი დახმარება ელექტრო-დამწვრობის დროს

დამაზიანებელი  ფაქტორის  მოშორებას: დენის  წყაროდან გამორთვას ან ხის  ჯოხის  საშუალებით სადენის მოცილებას.

ხელზე  აუცილებლად  უნდა  გვეცვას  რეზინის  ხელთათმანი ან მჭიდროდ  გვქონდეს  შემოხვეული მშრალი  ქსოვილი.

დამწვარ  ადგილას  უნდა  დავაფაროთ  მშრალი  სტერილური  საფენი  და  მაქსიმალურად  სწრაფად  გადავიყვანოთ  სტაციონარში.

პირველი დახმარება ქიმიური დამწვრობის  დროს:

  • აუცილებლად გახადეთ  ტანსაცმელი, რომელზეც  მოხვდა  ქიმიური     აგენტი.
  • დაზიანებული უბანი ჩამობანეთ გამდინარე  წყლით.
  • არ გამოიყენოთ პირსახოცი ან ხელსაწმენდი კანიდან  ქიმიური  აგენტის    მოსაშორებლად. ამით მხოლოდ გააღრმავებთ დაზიანებას, გააძლიერებთ  ტკივილს  და შეშუპებას.
  • თუ  დამწვრობა  ფხვნილისებრი  სტრუქტურის აგენტმა გამოიწვია,   დაზიანებული უბნის წყლით ჩამორეცხვამდე აუცილებელია ფხვნილის  ნარჩენების  მოცილება  ღრუბლით ან  ნაზი  ჯაგრისით.
  • დაუშვებელია დაზიანების გამომწვევი ქიმიური აგენტის სხვა საშუალებით  განეიტრალება, მაგ. ტუტის - მჟავით ან პირიქით.
  • დამწვრობით  გამოწვეულ  ჭრილობაზე   დაადეთ  სტერილური  ნახვევი და დაუყოვნებლივ  მიმართეთ  ექიმს.