ახალშობილის პირველი კვირა

Советы ახალშობილის მოვლა

პირველი კვირა სახლში, თქვენს შვილთან ერთად, ყოველთვის რთულია. მშობიარობის შემდეგ დედას ყოველთვის სჭირდება დრო, რომ მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდეს, განსაკუთრებით საკეისრო კვეთის შემდეგ. ამიტომ, სახლში ახალი წევრის შემოსვლისათვის წინასწარ უნდა მოვემზადოთ:

 

ახალშობილის ძილი

აუცილებელია, რომ პატარას თავიდანვე ჰქონდეს თავისი ძილისა და  მოსვენებისთვის  წინასწარ განკუთვნილი ადგილი. გაითვალისწინეთ, რომ მშობლებისა და ახალშობილის  ღამით ერთად ძილი რეკომენდებული არ არის.

ახალშობილისთვის ყველაზე სასურველი ძილის პოზიცია ზურგზეა, გახსოვდეთ, რომ 1 წლამდე არ უნდა გამოვიყენოთ ბალიში, პირველი 6 თვის განმავლობაში საბნის ნაცვლად მოიხმარეთ სპეციალური საძილე ტომრები. ამ  რეკომენდაციას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რადგან ბავშვის მოძრაობების გააქტიურებასთან ერთად შესაძლოა საბანმა ძილის დროს პატარას ზიანი მიაყენოს და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. 

პირველი კვირა

ახალშობილი განსაკუთრებული ადაპტაციის პერიოდს  სახლში  სწორედ პირველ კვირაში გადის.

მისი ორგანოთა სისტემები ჯერ კიდევ მომწიფების ფაზაშია, ასევე არ არის განვითარებული თერმორეგულაციის ცენტრი, ამიტომ არსებობს გადაციებისა და გადახურების  საშიშროება.

ბავშვისა და სააბაზანო ოთახებში დაკიდეთ თერმომეტრი და მუდმივად აკონტროლეთ ტემპერატურული რეჟიმი.

ძილის დროს  ოთახის ტემპერატურა უნდა იყო 20-22C  (თუ რა თქმა უნდა, გარეთა ტემპერატურა უფრო მაღალი არ არის). სააბაზანო  ოთახში კი უფრო მაღალი, 25-26 გრადუსამდე.

ახალშობილის ჭამისა და ძილის რეჟიმი

ახალშობილის ჭამისა და ძილის რეჟიმები თავიდან  მოწესრიგებული არ არის. ამიტომ პატარას  კვებისა და ძილის დისციპლინას მშობლები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ.

ძუძუთი  ან  ხელოვნური კვების შორის შუალედები 2,5-3 საათიან ინტერვალს არ უნდა აჭარბებდეს.  პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლებელია ამ ინტერვალის კიდევ უფრო შემცირება. თქვენთვის საგანგაშო უნდა გახდეს და ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვს  4-5 საათის განმავლობაში საკვების მიღების მოთხოვნა არ უჩნდება.

პირველი გასეირნება

ბავშვის პირველი გასეირნება მისი დაბადების მეორე კვირაშივეაა შესაძლებელი, თუ ამის უკუჩვენებები არ არსებობს.  გაითვალისწინეთ, რომ გარეთ ტემპერატურა არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი უნდა იყოს. 

პირველად,  ეზოში პატარასთან ერთად 15-20 წუთით გაჩერდით,  შესაძლებელია დღეში 2-ჯერაც. შემდგომ  ნელ-ნელა ხანგრძლივობა გაზარდეთ და კარგ ამინდში   2-2,5  საათიც შეიძლება, ეზოში, სუფთა ჰაერზე დაყოვნება.  რა თქმა უნდა, პირდაპირ,  თაკარა მზის გულზე  ყოფნა სასურველი არ არის.

შემდეგ ბლოგში ბავშვის დაბანაზე, კანის და ჭიპის მოვლაზე გაგესაუბრებით.

მარია ლიპკა.