ართრიტი

Советы მოზრდილები

რა არის ართრიტი?

ართრიტი ეს არ არის ცალკეული დაავადება. 

ეს ტერმინი  აერთიანებს, იმ დაავადებებს რომლებიც აზიანებენ სახსრებს. არსებობს 100ზე მეტი სხვადახვა ტიპის ართრიტი. 

ართრიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ამის  მიხედვით  კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

  • დეგენერაციული (არაანთებითი) ართრიტები მაგ. ოსტეოართრიტი.
  • ანთებითი ართრიტები მაგ. რევმატოიდული ართრიტი, ლუპუს ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა.
  • ინფექციური ართრიტები: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებითა და  სოკოვანი ინფექციებით გამოწვეული ართრიტები.
  • მეტაბოლური ანუ მიკროკრისტალური ართრიტები მაგ. პოდაგრული და ფსევდო  პოდაგრული ართრიტები.

ართრიტის განვითარების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • ასაკი: ასაკის მატებასთან ერთად იზრდება რისკი.
  • სქესი: ართრიტების უმეტესობა ხშირად ვითარდება ქალებში,  გარდა პოდაგრული ართრიტისა.
  • გენეტიკური განწყობა: რევმატოიდული არტრიტი, წითელი მგლურა, მაანკილოზებელი სპონდილიტი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორებით.
  • ჭარბი წონა: სხეულის წონის მატება ხელს უწყობს მუხლის სახსრის ართრიტის განვითარებას და უკვე არსებულის გაუარესებას.
  • ტრავმა: იმ შემთხვევაში თუ გამოიწვია სახსრის ხრტილის დაზიანება.
  • ინფექციები: ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები, რომლებიც იწვევენ სახსრის ანთებას.
  • სამსახურეობრივი ფაქტორი: სახსრის მუდმივი დატვირთვა.

ართრიტის ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი სახსარში, მოძრაობის შეზღუდვა, შებოჭილობა, რომელიც შეიძლება იყოს მეტად გამოხატული დილით ან დატვირთვის შემდეგ, სიწითლე, შეშუპება.

განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული არტრიტები:

ოსტეოართრიტი

ართრიტებს შორის ოსტეოართრიტი ყველაზე გავრცელებულია, ძირითადად ვლინდება საშუალო ასაკის ან ხნიერ პოპულაციაში. ეს “გაცვეთილი და მტირალა” სახსრების დაავადებაა,  პროცესი მიმდინარეობს სახსარში და აზიანებს ხრტილს, სასახსრე ზედაპირებს, იოგებსა და ძვალს. ამ დროს ხდება ხრტილის გაცვეთა – დაშლა.

ოსტეოართრიტის დროს ძირითადად ზიანდება ხელის მტევანი და ხერხემალი ასევე მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრები.

ოსტეოართრიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სახსრების ტკივილი და შებოჭილობა, სახსრების კოპის მაგვარი შეშუპება, ტკაცუნისა და ჭრიალის ხმა სახსრის მოძრაობისას, სახსრის ფუნქციის შემცირება, დეფორმაცია.

რევმატოიდული არტრიტი

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის სახსრის ჯანმრთელ ქსოვილს. რის გამოც ვითარდება სახსრის ამომფენი ქსოვილის ანთება – სინოვოტი, რაც იწვევს სახსრების დესტრუქციასა და დეფორმაციას. ხშირად ანთება სახსრების გარდა მოიცავს სხვა ორგანოებსაც: გულს, თვალებს, ფილტვებს და კანს. 

რევმატოიდული ართრიტი აზიანებს ხელის მტევნის, მაჯის, იდაყვის მხრის, მუხლის, კოჭის, ტერფის სახსრებს.

ახასიათებს სახსრების ტკივილი და შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, დილის შებოჭილობა (გრძელდება 1 საათზე დიდხანს), წონის კლება, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, თვალებისა და პირის სიმშრალე.

პოდაგრული ართრიტი

პურინის მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად შარდმჟავას კრისტალები ლაგდება სახსარში და ქსოვილებში, რის გამოც ვითარდება ანთება - პოდაგრული ართრიტი. მიმდინარეობს შეტევების სახით, რის პროვოცირებასაც ახდენს არარაციონალური კვება (ხორციანი საკვები, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება).

პოდაგრული ართრიტი აზიანებს ფეხის ტერფის ცერა თითის, მუხლის, კოჭის იდაყვის და სხვა სახსრებს.

ახასიათებს მწვავე შეტევითი ტკივილი, სახსრის შეშუპება, სიწითლე, ტემპერატურული რეაქცია. შეტევა გრძელდება რამოდენიმე საათიდან 10-12 დღემდე.

დიაგნოსტიკა

ართრიტების დიაგნოსტირება და დიფერენცირება ხორციელდება სამედიცინო და ოჯახური ანამნეზის, ფიზიკური გასინჯვის, სისხლის ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მონაცემების საფუძველზე.

პაციენტის ოჯახურ ანამნეზს დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკური განწყობის დასადგენად. გარდა ამისა სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევისას ხდება სისხლში სპეციფიური ანტისხეულების (მაგ. რევმატოიდული ფაქტორის) განსაზღვრა. 

სახსრების მხრივ ჩივილების არსებობის დროს ტარდება დაზიანებული არის რენტგენოგრაფია, სახსრების ექოსკოპია, შესაძლებელია საჭირო გახდეს მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც. 

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია პაციენტის ჩივილების მინიმუმამდე შემცირება, დაავადების პროგრესირების შეჩერება, სახსრების შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება.

ტკივილის კუპირება ხდება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და სტეროიდული პრეპარატებით.

მძიმე შემთხვევებში საჭიროა ქირურგიული მკურნალობა, რაც გულისხმობს დაზიანებული სახსრის პროთეზით ჩანაცვლებას.

ართრიტის პრევენცია

  • ცხოვრების ჯანსაღი წესი.
  • წონის კორექცია და კონტროლი.
  • სისტემატიური ვარჯიში.
  • ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების გამოყენება: ომეგა 3, ზეითუნის ზეთი.
  • ვიტამინები და მინერალების მიღება: კალციუმი,  მაგნიუმი, თუთია, D, ჩ და E ვიტამინები.