ანგინა და ნაყინი

Советы მოზრდილები

ანგინა(იგივე ტონზილიტი) არის ნუშურა ჯირკვლების და მისი მიმდებარე ქსოვილების ანთება. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ვირუსი ასევე ბაქტერია (განსაკუთრებით საყურადღებოა A ჯგუფის B ჰემოლიზური სტრეპტოკოკი).

 

ანგინისათვის დამახასიათებელია:

  • ტემპერატურის უეცარი მატება 38,5-40 გრადუსამდე
  • სასის რკალების და/ან ნუშურა ჯირკვლების შეშუპება და ჰიპერემია
  • რიგ შემთხვევაში ნადების წარმოქმნა ნუშურა ჯირკვლებზე (დამოკიდებულია გამომწვევ აგენტზე)
  • ყლაპვის დროს ყელში ,,ჩხაპნის’’ შეგრძნება და ტკივილი (შესაძლოა იყოს ძლიერი ინტენსივობისაც)
  • ყბაყურა, ყბისქვეშა და ყურის უკანა ლიმფური ჯირკვლების შეშუპება
  • საერთო სისუსტე და ა.შ

ანგინის მკურნალობის დროს მეტად გავრცელებული შეცდომებია:

  • ცხელი, ტკბილი სასმელების გამოყენება (მაგ: თაფლიანი და მალინიანი  ჩაი) – იქმნება საუკეთესო პირობები ბაქტერიის გამრავლებისთვის რასაც თან სდევს ინფექციის გავრცელება მიმდებარე ქსოვილებში (შესაძლოა განვითარდეს ოტიტიც)
  • თბილი რძე (ასევე საუკეთესო საკვები ბაქტერიებისთვის)
  • ინფიცირებული მიდამოს გაწმენდა ანტისეპტიკური საშუალებებით მექანიკურად (რასაც თან სდევს ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება)

ნუგბარის მოყვარული ბევრი ადამიანისთვის და მათ შორის მშობლებისთვის მეტად მტკივნეული თემაა ანგინის დროს ნაყინის მირთმევა, აღსანიშნავია რომ მცირე რაოდენობით ნაყინის მიღება რიგ შემთხვევაში მდგომარეობის შემამსუბუქებლად გვევლინება, კერძოდ: თუ ანგინა გამოწვეულია ვირუსული აგენტით, ნაყინის მიღებისას ხდება ინფიცირებულ მიდამოში არსებული სისხლძარღვების სპაზმი სიცივის საპასუხოდ, რასაც თან სდევს ტკივილის შემცირება და ხელს უშლის ანთების გავრცელებას მიმდებარედ (თუმცა ზომიერი რაოდენობით), ასევე მას აქვს გამაგრილებელი ეფექტი. სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ტონზილექტომიის შემდგომ პერიოდში გაცემული რეკომენდაცია დიდი რაოდენობით ცივი სასმელების და ნაყინის მიღების შესახებ

იგივეს ვერ ვიტყვით ბაქტერიული წარმოშობის ანგინის შემთხვევაში – ამ დროს ნაყინი თავისი შემადგენლობით (რძე და გლუკოზა, დამატებული უამრავი კონსერვანტი) წარმოადგენს საუკეთესო საკვებ ნიადაგს ნუშურა ჯირკვლებში არსებული ბაქტერიებისთვის გამრავლებისთვის.

ანგინის დროს რეკომენდებულია:

  • წოლითი რეჟიმი
  • ნელ-თბილი სითხეები (ოთახის ტემპერატურის ) დიდი რაოდენობით
  • წყალი 2-2,5 ლიტრი დღეში.

ანგინის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ აგენტზე – თუ არის ვირუსული ბუნების მისი განკურნება ხდება ორგანიზმის იმუნური ძალების მეშვეობით, ხოლო ბაქტერიული ანგინა  - მიმდინარეობით უფრო მძიმეა და მისი მკურნალობისას აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება, რომელსაც დანიშნავს მკურნალი ექიმი.

 თვითნებურად ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება ყოვლად დაუშვებელია !!!!

თუ აღინიშნება ნუშურა ჯირკვლებზე ნადები და ტემპერატურა არის 39-40 გრადუსამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად იყოს დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია.