როგორ ვუმკურნალოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან ბრონქული ასთმის შეტევა

Советы მოზრდილები

ბრონქული ასთამა არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების ანთება, შეშუპება, შევიწროვება და ნახველის/ლორწოს ჭარბი გამოყოფა. ყოველივე ეს იწვევს სუნთქვის გაძნელებასა და ხველას, მოხრჩობის შეგრძნებას, ასევე ახლავს ჰაერის უკმარისობა და ხმაურიანი სუნთქვა.

ზოგ შემთხვევაში ასთმა არის მსუბუქი მიმდინარეობის დაავადება და პაციენტს მინიმალურ დისკომფორტს უქმნის, თუმცა ზოგჯერ სერიოზული პრობლემაა და ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ბრონქული ასთმის შეტევა.

არსებობს ასთმის შეტევის ინიცირების რამდენიმე ვარიანტი:

  • ფიზიკური აქტივობით ინდუცირებული ასთმა - განსაკუთრებით უარესდება ცივი და მშრალი ჰაერის ექსპოზიციისას;
  • სამუშაო გარემოსთან ასოცირებული ასთმა - სიმპტომები იწყება დასაქმების ადგილას არსებულ გამღიზიანებლებთან კონტაქტისას (აქროლადი ქიმიური ნაერთები, სხვადასვა აირები, მტვერი);
  • ალერგიით გამოწვეული ასთმა - შეტევა იწყება კონკრეტულ ალერგენთან კონტაქტისას (ცხოველების ბეწვი, ბუმბული,  ტარაკნებისა და სხვა მწერების არსებობა გარემოში, მცენარეების მტვერი, ობის სოკო).


ასთმა ქრონიკული დაავადებაა და ამიტომ  მნიშვენლოვანია პაციენტისა და ექიმის ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება სიმპტომების კონტროლირებისთვის. მიზანია პაციენტისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმის შენარჩუნება მინიმალური მედიკამენტებით და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების, მაგალითად ბრონქული ასთმის შეტევის, თავიდან აცილება. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია  შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

  • მკურნალ ექიმთან ერთად  შემუშავებული მკურნალობისა და რეკომენდაციების გეგმის შესრულება; ჯანსაღი ცხოვრების სტილი;
  • სეზონურად გრიპისა და პნევმონიის ვაქცინაცია;
  • შეტევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მაქსიმალურად მათი თავიდან არიდება;
  • სუნთქვის მონიტორინგი - საგანგაშო ნიშნების დროული გამოცნობა (ხველა, ხმაურიანი, გახშირებული, გაძნელებული სუნთქვა). იმის გამო რომ ფილტვის ფუნქციები შესაძლოა დაირღვეს სიმპტომების გამოჩენამდე, საჭიროა პიკფლოუმეტრით პერიოდული შემოწმება  (ბინაზე, თუ პაციენტს აქვს ხელსაწყო, ან ოჯახის ექიმთან);
  • შეტევის დროული გამოცნობა და სწრაფი რეაგირება - შეტევის მოსახსნელი სწრაფადმოქმედი საინჰალაციო საშუალების გამოყენება. თუ შეტევას საწყისი მომენტიდან ვუმკურნალებთ, იგი ნაკლებსავარაუდოა რომ დამძიმდეს. თუ ვგრძნობთ, რომ საინჰალაციო საშუალებამ შედეგი არ მოიტანა, დროულად უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას;
  • ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება - თუ ამჩნევთ, რომ მკურნალობა შედეგიანია და თავს კარგად გრძნობთ, არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მკურნალობის სქემა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ეს დიდი ალბათობით გამოიწვევს სიტუაციის დესტაბილიზაციას;
  • ყურადღება მიაქციეთ რამდენად ხშირად გჭირდებათ შეტევის სწრაფად მოხსნის საშუალება (მაგალითად ალბუტეროლი). თუ ამ მედიკამენტს ხშირად იყენებთ, თქვენი ასთმა არ არის კარგად კონტროლირებული და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.