პანდემიის ფარგლებში „ევექსი კლინიკების“ გულის ორდენოსნების დაჯილდოება ჩატარდა

ქვეყანაში პირველად, პანდემიის პერიოდში გაწეული შრომისათვის, გულის ორდენი გადაეცა ევექსი კლინიკების 50 თანამშრომელს. დაჯილდოვდნენ ევექსი კლინიკების სამედიცინო, ადმინისტრაციული და სათაო ოფისის თანამშრომლები, რომლებსაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ პანდემიის პერიოდში ევექსი კლინიკების გუნდის გაძლიერებაში, პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაში, გამოჯანმრთელებასა და დახმარებაში.


სამწუხაროდ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ისევ ყოველდღიურ რეჟიმში ვებრძვით ვირუსს, მაგრამ მნიშნველოვანია ჩვენი გმირებისა და თავდადებული თანამშრომლების დაფასება, ამიტომ ევექსი კლინიკების გულის ორდენოსნები გამოვლინდნენ 3 ნომინაციაში:

 

  • ევექსი კლინიკების 9 გმირი - ნომინაცია ეხება სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჩართულები არიან უშუალოდ კოვიდ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის პროცესში, ან გამორჩეულ როლს ასრულებენ როგორც კოვიდ ინფიცირებულების, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაში.
  • ევექსი კლინიკების 5 ლიდერი - ნომინაცია ეხება კომპანიის კლინიკების მენეჯერულ რგოლს. შეფასება მოხდა პანდემიის დროს, კრიზისულ პერიოდში კლინიკის მენეჯერების მიერ გუნდში გამოჩენილი ლიდერული უნარებისა და თავდადების მიხედვით. 
  • ევექსი კლინიკების 36 გულის ორდენოსანი - ნომინაცია ეხება ევექსი კლინიკების სამედიცინო, ადმინისტრაციულ და სათაო ოფისის თანამშრომლებს. მათ, ვინც, პანდემიის პერიოდში თავისი ყოველდღიური მუშაობით იზიარებენ კომპანიის ხედვას. თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვნად ეხმარებიან როგოც პაციენტებს, ასევე თანამშრომლებს და დიდი წვლილი შეაქვთ კომპანიის წარმატების მიღწევაში.
ევექსი კლინიკების გმირები
თეიმურაზ ვალიშვილი
კლინიკების მენეჯერი, ემერჯენსის ექიმი
ქარელის კლინიკის მენეჯერს 2020 წლის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო კლინიკის მართვა მოუხდა. პანდემიამ სრულად შეცვალა დღის წესრიგი, რაც კიდევ უფრო აისახა სამედიცინო სფეროზე. თეიმურაზი 24 საათიან რეჟიმში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქარელის რაონული საავადმყოფოს პაციენტებმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღონ. სამცხე-ჯავახეთში ვირუსის პიკის დროს, ნინოწმინდის კლინიკის მედპერსონალის უმრავლესობა კოვიდ ინფიცირებული იყო. ბევრი ექიმი იზოლაციაში იყო და კლინიკა სამედიცინო პერსონალის სიმცირეს განიცდიდა. თეიმურაზის თავდადება მხოლოდ ქარელის კლინიკაში მოღვაწეობით არ დასრულდა და ნინოწმინდაში, მეზობელი რეგიონის კოლეგებისა და პაციენტების დასახმარებლად დაუფიქრებლად წავიდა. 5 დღე-ღამის განმავლობაში დაუსვენებლად იმორიგევა ნინოწმინდის კლინიკაში და იქამდე ედგა კოლეგებს გვერდით, სანამ გამოჯანმრთელებულები არ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს.
მარეხი არაბიძე
ექიმი კარდიოლოგი
2020 წელს, მაღალი მომართვიანობის დროს, ხონის კლინიკაში თვითდინებით შემოვიდა პაციენტი, რომელიც უჩიოსა ძლიერ ტკივილს გულ-მკერდის არეში, ღებინების შეგრძნებას და ჰაერის უკმარისობას. მკურნალობის პროცესში მაშინვე ჩაერთო კარდიოლოგი მარეხი არაბიძე. პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და იყო ინსულინდამოკიდებელი. ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან და ანამნეზიდან გამომდინარე, ექიმის მიერ საჭიროთ ჩაითვალა ანალიზის ჩატარება ფარულ სისხლდენაზე. სწორად დაგეგმილმა კვლევებმა და პაციენტის სწორად შეფასებამ იხსნა მისი სიცოცხლე და მოხდა დარეფერირება მრავალპროფილურ კლინიკაში სამკურნალოდ. მარეხი, პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მეტად ჩაერთო პროცესებში. დღემდე მეტი თავდადებით ზრუნავს პაციენტებზე და მხარში უდგას კოლეგებს, რომლებიც მასთან ერთად, 24 საათი ზრუნავენ კლინიკაში შემოსულ პაციენტებზე.
ციცინო ჭანტურია
მთავრი მედდა
ციცინო აბაშის კლინიკაში დაარსების დღიდან მუშაობდა. მთავარი მედდის პოზიციაზე ითავსებდა კლინიკისთვის მნიშვნელოვან ყველა საქმეს
ლამარა დემეტრაძე
პედიატრი, თერაპევტი
ნინოწმინდის კლინიკის კოვიდ განყოფილებაში ლამარა დემეტრაძის სახელი ყველა პაციენტმა იცის. სპეციალური აღჭურვილობით, 24-საათიან რეჟიმში მკურნალობდა კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს. ნინოწმინდის კლინიკაში პერსონალის დაინფიცირების დროს, თავი ცუდად იგრძნო, ტემპერატურამ აუწია, თუმცა, მისი კოვიდ ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა. გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ პნევმონია ჰქონდა, თავად მკურნალობდა, თუმცა მაინც შედიოდა კოვიდ განყოფილებაში და დღედაღამე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.
სამველ აგალარიანი
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
ნინოწმინდის კოვიდ კლინიკაში ბევრი პაციენტის სიცოცხლე იხსნა. პირველივე დღიდან დადგა ბრძოლის წინა ხაზზე და დაუფიქრებლად შევიდა კოვიდ განყოფილებაში. კოლეგებთან ერთად ყველაფერს აკეთებს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად. ბევრი კრიტიკული პაციენტი, სწორედ მისი დროული დიაგნოსტირებისა და რეაგირების შედეგად გადაურჩა ვერაგ ვირუსს.
რევაზ მიხელაშვილი
ტრამვატოლოგი
ხობის კლინიკაში სამეგრელოდან და მიმდებარე რეგიონებიდან, იმერეთიდან და აჭარიდან ჩამოსულ პაციენტებს ხშირად შეხვდებით. მათი უდიდესი ნაწილი ტრავმატოლოგ რევაზ მიხელაშვილის პაციენტია. სამეგრელოს რეგიონში რევაზ მიხელაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტრავმატოლოგ-ორთოპედია, რომლის სახელზე ათასობით წარმატებული ოპერაცია ირიცხება. პანდემიის პერიოდში, ხობის კლინიკაში ცხელების ცენტრი მოქმედებდა და მიუხედავად ამისა, არცერთი დღით შეუწყვეტია მუშაობა. მხარში უდგას კოლეგებს და სხვადასხვა საჭიროების დროს მუდამ ზრუნავს მათზე.
ნატო ბეჟანიძე
გადაუდებელი მედიცინის ექიმი
შუახევის კლინიკის პირველი კოვიდ პაციენტი 25 დეკემბერს მიიღეს, რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა და ხველა. პაციენტის ანალიზებში ბევრი ცვლილება აღინიშნებოდა. ნატო ბეჟანიძის გადაწყვეტილებით პაციენტი კლინიკაში დარჩა და არ მოხდა მისი რეფერირება მრავალპროფილურ კლინიკაში. ექიმების გუნდმა, ნატოს თაოსნობით დაგეგმა და დაიწყო პაციენტის მკურნალობა. ნატო, კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კომუნიკაციით მართავდა პაციენტს, არ გადიოდა კლინიკიდან და მუდმივ რეჟიმში აკონტროლებდა პაციენტის მდგომარეობას. შედეგმაც არ დააყოვნა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, დარეგულირდა ანალიზები. ის 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა შუახევის კლინიკაში და გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა ოჯახს. ამ პირველი რთული პაციენტის შემდეგ ნატომ შუახევის კლინიკაში ბევრი კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მართა, ბოლომდე მხარში ედგა კოლეგებს და მუდამ ყველა დეტალი იცოდა პაციენტების მდგომარეობის შესახებ.
კესარია ყალიჩავა
პედიატრი
ჩხოროწყუს კლინაში 9 წელია მუშაობს. პედიატრიასთან ერთად ინფექციონისტია და კოვიდ პანდემიის პერიოდში კლინიკის პროცესებში მისი ჩართულობა კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. ჩხოროწყუს კლინიკაში ხშირად შემოჰყავდათ სიმპტომიანი პაციენტები და ქვეყანაში შექმნილი საწოლფონდის პრობლემის გამო, მათი კოვიდ კლინიკაში რეფერირება რთულდებოდა. მიუხედავად ამისა, კესარია სპეციალური აღჭურვილობით, იზოლირებულ ოთახებში შედიოდა და მართავდა საკმაოდ მძიმე პაციენტებს. 15-მდე კოვიდ დადასტურებული პაციენტი კესარიას მკურნალობის შედეგად დასტაბილურდა და კოვიდ კლინიკაში ადგილების გამოჩენისთანავე სტაბილური მდგომარეობით გადავიდა.
მაია შარიქაძე
ექიმი კარდიოლოგი
თერჯოლის კლინიკაში პაციენტი 112-ის ბრიგადამ შეიყვანა. აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, არტერიული წნევის ვარდნა და გლუკოზის მაჩვენებლის მატება. კარდიოლოგმა მაია შარიქაძემ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, მათ შორის, ექოკარდიოგრაფიაზე ცვლილებების მიუხედავად, აუცილებლად მიიჩნია ტროპონინის განსაზღვრა სისხლში და პოზიტიური პასუხის შედეგად მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით სასწრაფო რეჟიმში მოხდა პაციენტის მრავალპროფილურ კლინიკაში რეფერირება. მაია შარიქაძის მიერ პაციენტის მდგომარეობის სწორად შეფასებამ იხსნა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე. თერჯოლის კლინიკიდან, მაიას ჩართულობით ბევრი კარდიოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტი გაეწერა ჯანმრთელი ან სწორი დიაგნოზით დარეფერირდა მრავალპროფილურ კლინიკაში.
ევექსი კლინიკების ლიდერები
მაკა გაბადაძე
კლინიკის მენეჯერი
წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო 4 თვის განმავლობაში კოვიდ კლინიკა იყო და ამ ცვლილების განხორციელებაში მაკას უდიდესი წვლილი მიუძღვის. სრულად იყო ჩართული კლინიკის გაკოვიდების პროცესებში, შემოიღო ახალი წესები, პაციენტების მართვისა და გასაუბრების ნორმები, რამაც წყალტუბოს კლინიკის წარმატება განაპირობა. კლინიკის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა მაკას ლიდერობამ გუნდის მართვის მხრივ, ის მხარში ედგა თანამშრომლებს და მათთან ერთად, ყველა პაციენტის მდგომარეობა იცოდა, ერთვებოდა კრიზისის დროს და საკუთარი ძალებით ცდილობდა ამა თუ იმ საკითხის მოგვარებას.
მაია მაღლაკელიძე
კლინიკის მენეჯერი
წალენჯიხის კლინიკა იყო პირველი, რომელმაც აფხაზეთიდან გადმოსული პირველი პაციენტი მიიღო. წალენჯიხის კლინიკაში მაშინ ცხელების ცენტრი მოქმედებდა და მაიას თაოსნობითა და მედპერსონალის დახმარებით პაციენტი დასტაბილურებული გადავიდა კოვიდ კლინიკაში. ცხელების ცენტრში მომართვიანობის მატებასთან ერთად კიდევ უფრო დიდი დატვირთვით ერთვებოდა პროცესებში, გეგმავდა პაციენტების მკურნალობისა და მათი რეფერირების სქემებს, მუდმივ კონტაქტზე იყო კლინიკურ დეპარტამენტთან და შესაბამის უწყებებთან. მაიამ მოახერხა და მისი ლიდერული უნარ-ჩვევების დახმარებით წარმატებით მართა ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული, ე.წ. საზღვრისპირა კლინიკა, რომელიც ხშირად იყო აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტების გადარჩენის ერთადერთი გზა.
ლალი ბალახაშვილი
კლინიკის მენეჯერი
ადიგენის კლინიკა 9 თვეა კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს იღებს და ამ პერიოდში 206 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა ოჯახს. ლალიმ წარმატებით მართა კლინიკის გაკოვიდების პროცესი მაშინ, როდესაც რეგიონში ვირუსის პიკი იყო და დღითიდღე იზრდებოდა მომართვიანობა. მცირე დროში გადააწყო პროცესები, დაიწყო პაციენტების მიღება და კოვიდ განყოფილების წარმატებით მართვა. მისი მხარდაჭერით, კიდევ უფრო მეტად შეიკრა გუნდი და რისკების მიუხედავად, ბოლომდე დარჩა ბრძოლის წინა ხაზზე. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში ადიგენის კლინიკამ გამორჩეული წვლილი შეიტანა.
ფრიდონ სირაბიძე
კლინიკის მენეჯერი
2020 წლის ზაფხულზე, როდესაც აჭარის რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა ფრიდონი ქედისა და შუახევის კლინიკებს მართავდა. წითელი ზონის კლინიკებში მომართვიანობა და რისკები ძალიან მაღალი იყო და ფრიდონმა შეძლო და მისი აქტიური ჩართულობით სრულად დაარეგულირა პროცესები. თავად საკმაოდ მძიმე ფორმით გადაიტანა კოვრონავირუსი, თუმცა გამოჯანმრთელებისთანავე დაუბრუნდა სამუშაო ადგილს და მუდამ მხარში უდგას ქედისა და შუახევის კლინიკების თანამშრომლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ შუახევის კლინიკა 4 თვე კოვიდ ჰიბრიდი იყო და მედპერსონალის დახმარებით 30-მდე პაცინტმა გაიმარჯვა ვერაგ ვირუსზე.
ბელა ჩალიგავა
კლინიკის მენეჯერი
დიდუბის პოლიკლინიკა პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია. ბელამ, საკუთარი ჩართულობით მოახერხა და ყველაზე მცირე რესურსული დანაკარგით დაძლია ურთულესი პერიოდი. ლიდერული უნარ-ჩვევების წყალობით, კრიზისულ პერიოდებში, მშვიდი და რაციონალური გადაწყვეტილებების წყალობით, შეძლო სერვისების უწყვეტად მიწოდება და გუნდის შენარჩუნება. საქართველოში კორონავირუსის შემოსვლის პირველივე დღეებში, 24 საათიან რეჯიმში ეცნობოდა და ნერგავდა ახალ რეგულაციებსა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებს. ურთულეს პერიოდებშიც კი არასდროს დასჭირვებია დახმარება და მაქსიმუმს აკეთებდა იმისათვის, რომ ყველა კრიზისი მისი ჩართულობით მოგვარებულიყო.
ევექსი კლინიკების გულის ორდენოსნები - სამედიცინო მიმართულება
მაია დათუაშვილი
ოჯახის ექიმი
2020 წელს, შეზღუდვებისა და რისკების მიუხედავად, მაიამ 5000-მდე სამედიცინო სერვისი გასცა. დიდი ენთუზიაზმით ერთვებოდა ევექსი კლინიკებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებში და თავდაუზოგავად შრომობდა პაციენტების ჯანმრთელობისათვის. გამოირჩევა კმაყოფილი პაციენტებით, კომპეტენტურობითა და გულისხმიერებთ.
მანანა მარტიაშვილი
ოჯახის ექიმი
მანანამ, 2020 წლის განმავლობაში, ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმებში ყველაზე მეტ, 10 657 პაციენტს გაუწია კონსულტაცია. პანდემიის პერიოდში დიდუბის პოლიკლინიკა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კლინიკა იყო, პედიატრიული სერვისი კი საკმაოდ მოთხოვნადი. შეზღუდვების მიუხედავად, მასთან არ შემცირებულა პაციენტების მომართვიანობა. ის იყო ოჯახის ექიმი, რომელმაც ყველაზე მეტი სერვისი გასცა, ყველაზე მეტი სამუშაო დრო გაატარა კლინიკაში და კიდევ უფრო გაზარდა კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა.
ქეთევანი იოსებაშვილი
ოჯახის ექიმი
ქეთევანი დიდი დიღმის პოლიკლინიკის რეკორდსმენია. 2020 წლის განმავლობაში მან კლინიკის მასშტაბით ყველაზე მეტი 7402 სერვისი გასცა. პანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც ახალი ვირუსის შესახებ ბევრი კითხვა არსებობდა, ქეთევანმა, დიდი დიღმის პოლიკლინიკაში ყველაზე მეტ პაციენტს გაუწია კონსულტაცია. გამოირჩევა სერვისულობით და მომხმარებელზე ორიენტირებულობით.
ლია დარასელია
ოჯახის ექიმი
2020 წლის განმავლობაში, ზუგდიდის პოლიკლინიკის 64 663 სერვისიდან 5000 ლიას ეკუთვნის. კლინიკაში ჩატარებული კონსულტაციების გარდა აქტიურად იყო ჩართული 112-ის ონლაინ კლინიკის პროექტში და კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს მართავდა ბინაზე.
მერი ვეფხიაიძე
ოჯახის ექიმი - თერაპევტი
თელავის პოლიკლინიკაში მერი 2020 წლის განმავლობაში ყველაზე დატვირთული იყო სერვისებისა და პაციენტების მხრივ. 2020 წელს მან 2603 პაციენს გაუწია კონსულტაცია. გამოირჩევა მომსახურებაზე ორიენტირებულობით, პაციენტებისადმი ყურადღებით, სითბოთი და კომპეტენციით.
შორენა ხოხობაშვილი
ოჯახის ექიმი - თერაპევტი
შორენა პანდემიის პერიოდში უწყვეტად იღებდა პაციენტებს და ახმეტის კლინიკაში ყველაზე მეტი სერვისი გასცა. მან 2020 წელს ჯამში 2612 პაციენტი მიიღო. რისკების მიუხედავად, დაუფიქრებლად ერთვებოდა ყველა მნიშვნელოვან პროექტში. ახმეტის კლინიკაში კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელებაში შორენას უდიდესი წვილი მიუძღვის.
ვლადიმერ ცაგარეიშვილი
ოჯახის ექიმი - თერაპევტი
ღვაწლმოსილი ექიმი, რომელიც 10 წელია რაც ევექსში მუშაობს. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა პროექტში, მუდმივ რეჟიმში იღებდა პაციენტებს და უწევდა მათ კონსულტაციას. ჯამში 2020 წელს 2492 სერვისი გასცა. ვაქცინაციის დაწყებისთანავე აიცრა ერთ-ერთი პირველი და მაგალითი მისცა კოლეგებს. ვლადიმერი არის ძალიან ერთგული და კომპანიისადმი ლოიალური ექიმი, რომელსაც კმაყოფილი პაციენტების დიდი რაოდენობა ჰყავს.
ლალი ფირცხალაიშვილი
იმუნოლოგი
7,701 ვაქცინა 2020 წლის განმავლობაში - საბურთალოს პოლიკლინიკის იმუნოლოგი ლალი ფირცხალაიშვილი ერთ-ერთი იყო, რომელსაც არც ერთი წამით შეუწყვეტია მუშაობა შეზღუდვების მიუხედავად. კოვიდთან ბრძოლის პერიოდში, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გრიპის ვაქცინაციას, რომ შემცირებულიყო გრიპითა და კოვიდით ერთდროულად ინფიცირების შემთხვევები. ლალი ჩართულია როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე, ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კამპანიებში.
თამთა გობაძე
რადიოლოგი/რენტგენოლოგი
ბათუმში, ვირუსის პიკის დროს, ფილტვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. თამთა 5,333 პაციენტს მოემსახურა 2020 წლის განმავლობაში. ხშირად მიდიან მასთან სიმპტომიანი პაციენტები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ მდგომარეობაში აქვთ ფილტვები. ამ რისკების მიუხედავად, არცერთი დღე შეუწყვეტია მუშაობა და მაქსიმალური დატვირთვით არის ჩართული პაციენტებისთვის სრულყოფილი სერვისის გაწევაში.
მათე ჩაქსელიანი
ზოგადი ქირურგი, მიმღების ექიმი
ხონის კლინიკა ცხელების ცენტრი იყო, სადაც ყოველდღიურად ათობით სიმპტომიანი პაციენტი მიჰყავდათ. მათე, როგორც მიმღების ექიმი, ყველა მათგანზე ზრუნავდა, ადგენდა მათი მკურნალობის გეგმას. მიუხედავად მაღალი რისკისა, ვირუსის დადასტურებამდე ზრუნავდა პაციენტებზე, შემდგომ კი მათ კოვიდ კლინიკებში რეფერირებაზე. ხონის კლინიკაში, 2020 წელს მათეს ყველაზე მეტი სამორიგეო საათი აქვს გატარებული.
ლილი ვარძელაშვილი
პედიატრი
უხუცესი ექიმი, ლილი ვარძელაშვილი 1958 წლიდან პედიატრია და ქარელში თაობებს ზრდის. 26 ნოემბერს როდესაც საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების სიხშირე საკმაოდ მაღალი იყო, მისმა ტესტმაც დადებითი აჩვენა. ამის მიუხედავად, კოვიდ განყოფილებაში არ შეუწყვეტია პაციენტების მიღება და პატარებზე ზრუნვა. გამოჯანმრთელებიდან მეორე დღესვე დაბრუნდა კლინიკაში და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო პაციენტების მიღება და არც ვირუსის გადატანის შემდეგ უშინდება კოვიდ განყოფილებაში მორიგეობას.
მაგდა შირავა
ექიმი კარდიოლოგი
2020 წელს მარტვილის კლინიკა ცხელების ცენტრი იყო და ყოველდღიურად იღებდა სიმპტომიან პაციენტებს. მიუხედავად იმისა, რომ მაგდას უშუალო მოვალეობა არ იყო მათთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, დაუფიქრებლად იცვამდა სპეციალურ აღჭურვილობას, შედიოდა იზოლირებულ განყოფილებაში და მკურნალობდა კარდიოლოგიურ პაციენტებს.
ეკა ბილანიშვილი
ლაბორატორიის მედდა
საბურთალოს პოლიკლინიკამ პანდემიის დროს, 261674 ლაბორატორიული სერვისი გასცა. ეკა, ერთ-ერთია ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის საბურთალოს პოლიკლინიკაში ლაბორატორიული სერვისების განხორციელების კუთხით. ვირუსის პიკის დროს, ლაბორატორიული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებისათვის, დასვენების დღეებშიც კი ცვლიდა კოვიდ ინფიცირებულ კოლეგებს. კოვიდ ტესტირების საწყის ეტაპზე, საკმაოდ დიდი იყო შიში და რისკები. ამის მიუხედავად, ეკა პირველივე დღიდან ჩაერთო ტესტირების პროცესში და მთელი წლის განმავლობაში ყოველთვის იყო იქ, სადაც კომპანიას ძალიან სჭირდებოდა.
ნანა ბასილაძე
ლაბორატორიის მედდა
ვირუსის პიკის დროს, მაშინ, როდესაც თანამშრომლების ნაწილი ინფიცირებული იყო, მათ შესაცვლელად ნანა სხვასხვა პოლიკლინიკაში ითავსებდა ფლებოტომისტის ფუნქციას. მუდამ მზად იყო მხარში დადგომოდა კოლეგებს, კომპანიას, რომ მომხმარებელს სრულყოფილი ლაბორატორიული სერვისი მიეღო.
მაია ბეჭვაია
ლაბორატორიის მედდა
აჭარის რეგიონის წითელ ზონად გამოცხადების დროს, ბათუმის პოლიკლინიკაში პაციენტების მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. მაია ბეჭვაია, კოლეგების იზოლირებისა და ინფიცირების გამო თვეების განმავლობაში მარტო მუშაობდა. პიკის პერიოდში, მარტო აკეთებდა კოვიდ ტესტირებებს და სპეციალური აღჭურვილობით, დღეში 300-მდე სავარაუდო ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. საჭიროების შემთხვევაში დადიოდა ბინაზე გამოძახებაზეც. კრიზისულ პერიოდში მუშაობდა დასვენების, შიშისა და უკან დახევის გარეშე.
სოფიო ნაცვლიშვილი
კაბინეტის მედდა
PCR ტესტების რაოდენობით, ვარკეთილის პოლიკლინიკა პირველ სამეულშია. სოფიო, პანდემიის პერიოდში ჩართული იყო კოვიდ ტესტირების პროცედურებში. მეორე ტალღის დროს ყველა კლინიკაში ითავსებდა ინფიცირებული კოლეგების საქმიანობას, ინაწილებდა ფუნქციებს, მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და სწორად მართავდა პროცესებს.
თაკო ტყემალაძე
კაბინეტის მედდა
თაკო, კოვიდ ტესტირების პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო. ჯამში მთაწმინდის პოლიკლინიკამ 7,907 კოვიდ ტესტი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ახალ კორონავირუსზე არ არსებობდა ბევრი ინფორმაცია და დიდი იყო შიში, უშიშრად ჩაიცვა სპეციალური აღჭურვილობა და დაიწყო სავარაუდო ინფიცირებულების ტესტირება. თაკო მართავდა მთაწმინდის კლინიკაში საექთნო პროცესებს, იცავდა რეგულაციებს და აკონტროლებდა ვირუსის საპრევენციო ნორმებს.
მირანდა ხარებავა
კაბინეტის მედდა
მირანდა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კოვიდ ტესტირების პროცესში უშიშრად ჩაერთო. 2020 წელს ისნის პოლიკლინიკაში ჯამში 7,112 კოვიდ ტესტი ჩატარდა, რაშიც დიდი წვლილი მირანდას მიუძღვის. მაშინ, როდესაც ნაკადების ზრდის გამო ტესტირების პროცესებმა კარვებში გადაინაცვლა, მირანდა პირველივე გავიდა კარვის ტერიტორიაზე და დღეში ასობით კოვიდ ტესტს ატარებს.
ხათუნა იჭირაული
კაბინეტის მედდა
დიდუბის პოლიკლინიკა კოვიდ ტესტირებებზე მომართვიანობით ლიდერია და 2020 წლის განმავლობაში, კლინიკაში ჯამში 9,897 სავარაუდო ინფიცირებული გაიტესტა. ხათუნა, ერთ-ერთი იყო იმ მედდებს შორის, რომელიც ჩაერთო კოვიდ ტესტირების პროცეში. პანდემიის პერიოდში წარმატებით გაართვა თავი კლინიკაში საექთნო სამიანობას, არასდროს იხევს უკან და დგას კომპანიის, კლინიკისა და პერსონალის გვერდზე.
დალი დავითაძე
გადაუდებელი მედიცინის მედდა
აჭარაში ვირუსის პიკის დროს მომართვიანობა გაიზარდა მაღალმთიან რეგიონშიც. ხულოს კლინიკამ ჯამში 2,929 ტესტი გააკეთა. დალი, ერთ-ერთი პირველი იყო ვინც თავიდანვე ჩაერთო ტესტირების პროცესში. პაციენტების უმრავლესობას სწორეს ის იღებდა და მუდმივ კომუნიკაციაში იყო სავარაუდო ინფიცირებულებთან.
თათია შარიქაძე
მთავარი მედდა
თათია, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ჩაერთო ინფექციის მართვის პროცესში. ვარკეთილის პოლიკლინიკაში მუდმივ რეჟიმში აცნობდა პერსონალს დამცავი საშუალებების გამოყენების ინსტრუქციებს, მუდმივ რეჟიმში იღებს განახლებულ ინფორმაციას ამ მიმართულებით და მართავს კლინიკაში საექთნო პროცესებს. თათია თავიდანვე ჩაერთო ვარკეთილის პოლიკლინიკაში კოვიდ ტესტირების სივრცეების მოწყობაში და ყველაფერს აკეთებს პროცესების სწორად სამართავად.
დიანა წუწუნავა
მთავარი მედდა
2020 წელს , როდესაც ბათუმში კოვიდ ინფექციის გამო რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა, ბათუმის პოლიკლინიკა და მედპერსონალი მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა. დიანა თავიდანვე ჩაერთო ტესტირების პროცესში. იმ პერიოდში, პოლიკლინიკური სექტორის განსატვირთად პაციენტებს კოვიდ სასტუმროებში სტუმრობდა და იქ ახდენდა მათ ტესტირებას.
სვეტლანა ჩენდონი
მთავარი მედდა
ფოთში, კოვიდ ტესტირება პირველად სწორედ ევექსის პოლიკლინიკაში დაიწყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთელი ქალაქის მოსახლეობა ჩვენს კლინიკაში იტესტებოდა. სვეტლანა პირველივე დღეებში ჩაერთო პროცესებში, მაშინ, როდესაც კლინიკაში დღეში 70-80 პოტენციური ინფიცირებული იტესტებოდა. სვეტლანა მაქსიმალურად იცავდა ინფექციის გავრცელების კონტროლის წესებს, ინსტრუქციებს, პროტოკოლებს და იყო ტრენერიც ამ მიმართულებით.
ევექს კლინიკების გულის ორდენოსნები - ადმინისტრაციული მიმართულება
თეა კახაძე
პერსონალის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი
პანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც რეგულაციები ინტენსიურად იცვლებოდა, თეა 33 კლინიკის პერსონალის ადმინისტრირების პროცესებში იყო ჩართული. 24 საათიან რეჟიმში იყო კლინიკებთან კომუნიკაციაში და აწესრიგებდა ყველა დოკუმენტაციას, რაც ახალი შეზღუდვების ფონზე ხდებოდა საჭირო. თეა სრულად ჩაერთო ჩვენი ფილიალების კოვიდ კლინიკებად გადაწყობის პროცესში. ახდენდა პერსონალის ადმინისტრირებას, სტრუქტურულ გადაწყობას. პირველი და მეორე ტალღის დროს, ბევრი ღამე გაათენა იმისათვის, რომ პერსონალის ადმინისტრირება შეუფერხებლად მომხდარიყო.
თონა ახობაძე
კლინიკური დეპარტამენტის მთავარი მედდა
2020 წლის ზაფხულს, როდესაც ბათუმში ვირუსის პიკი იყო, თეონა დაუფიქრებლად წავიდა რეგიონში და დადგა ბრძოლის წინა ხაზზე. ჩაერთო კოვიდ პროცესების მართვაში, კოვიდ ტესტირების აწყობასა და გამართვაში. მუდამ მზად არის და მიდის იმ ცხელ წერტილში, სადაც კომპანიას ძალიან სჭირდება. აქტიურად არის ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის წესებისა და გაიდლაინების შედგენაში, კლინიკებსა და პერსონალში გავრცელებასა და მონიტორინგში. არის ერთგული თანამშრომელი, რომელიც უშიშრად დგას კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში.
თათია ხორბალაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი
პანდემიის კრიზისულ პერიოდში პიარის და მარკეტინგის მიმართულებას განსაკუთრებული როლი აქვს კომპანიის იმიჯის და კრიზისების მართვაში. წარმატებით დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა მსხვილი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი და პიარ ღონისძიებები. თათიას მხრიდან მაქსიმალური პასუხისმგებლობით, დროული რეაგირებით და სწორი ჩართულობით განხორციელდა და მიმდინარეობს სხვადასხვა პიარ აქტივობები.
მანჩო ოქროჯანაშვილი
ფინანსური განყოფილების უფროსი
პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი კრიზისები შეიქმნა ფინანსური კუთხით. მანჩომ, მნიშვნელოვნი როლი შეასრულა კრიზისულ პერიოდში კომპანიის სტაბილურობისა და მდგრადი ოპერირებისათვის. მას დღემდე განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით კომპანიის წარმატებაში.
ქეთევან ღვალაძე
სერვისის მენეჯერი
საბურთალოს პოლიკლინიკაში 2020 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 261674 სერვისი გაიცა. პაციენტების მომართვიანობა ვირუსის პიკის პერიოდში კიდევ უფრო იზრდებოდა. ქეთიმ, წარმატებით მართა პროცესები, კოვიდ პანდემიის დაძაბულობის ფონზე ყოველთვის ახერხებს რიგებისა და ტესტირების პროცესის მართვას, გუნდის შეკვრას და მადლიერი პაციენტების რაოდენობის ზრდას.
გვანცა ნარიმანიძე
სერვისის მენეჯერი
გვანცა, იყო ერთადერთი სერვისის მენეჯერი, რომელმაც ვირუსის შემოსვლის პირველ ხანებში, მოახერხა, შეკრა გუნდი და ბოლომდე შეინარჩუნა ყველა წევრი. ვირუსის საწყის ეტაპზე საკმაოდ დიდი იყო შიში და შფოთი, გვანცა, თავად იდგა რეგისტრატურის წინა ხაზზე და ამით მაგალითს აძლევდა ყველას. ვირუსის გავრცელების მატების პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც ზამთარი დადგა, გვანცა მთელი დღის განმავლობაში მუდმივ კომუნიკაციაში იყო ტესტირებისათვის მისულ პაციენტებთან და ზრუნავდა იმაზე, რომ ტესტირება ყველას რიგის წესების დაცვით ჩაეტარებინა.
მარიამ ფოფხაძე
რეგისტრატორი
პანდემიის პირველ დღეებში, როდესაც ყველას ეშინოდა სრულიად ახალი ვირუსის, მარიამი ერთ-ერთი იყო, მათ შორის, ვინც მუდმივ რეჟიმში დარჩა რეგისტრატურაში სამუშაოდ. არასრდროს უცდია სამუშაო საათების შემცირება, არასდროს უთქვამს უარი სამუშაოს შესრულებაზე და დღემდე ერთგულად ემსახურება საბურთალოს პოლიკლინიკის პაციენტებს.
ანა ჭედია
უფროსი რეგისტრატორი
გლდანის პოლიკლინიკამ პანდემიის დროს 59948 სამედიცინო სერვისი გასცა და პაციენტთა ნაკადი სწორედ რეგისტრატურის გავლით იღებდა სერვისს. ანამ თავდაუზოგავად იმუშავა იმისათვის, რომ გლდანის პოლიკლინიკის პაციენტებს სამედიცინო მომსახურება შეფერხების გარეშე მიეღოთ. ზამთრის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა ვირუსის პიკში იყო, მის უფროსს ბიულეტენზე მოუწია ყოფნა, ანამ, უფროსის დახმარების გარეშე, წარმატებით გაართვა თავი საქმიანობას.
გვანცა ვახანია
საინფორმაციო დესკის სპეციალისტი
პანდემიის პერიოდში არასდროს უთქვამს უარი საჭირო ადგილას, სხვადასხვა ფილიალში დასახმარებლად გადასვლაზე. იმუშავა ევექსი კლინიკების მობაილ კლინიკაში. მაშინ, როდესაც ბათუმში ვირუსის პიკი იყო, წავიდა და რამდენიმე კვირა მუშაობდა წითელ ზონად ქცეულ ბათუმში. კრიტიკულ პერიოდში მზად არის მხარში დაუდგეს კოლეგებსა და კომპანიას.
თამთა ზამბახიძე
ადმინისტრაციული სპეციალისტი
პანდემიის დროს, მაშინ, როდესაც მთელ ქვეყანაში ყოველდღიურად იცვლებოდა შეზღუდვები, თამთა მუდმივ რეჟიმში ჩართული იყო პერსონალის გრაფიკების, ჯგუფების შედგენისა და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში. ინტენსიურ რეჟიმში უხდებოდა იზოლაციასა და ინფიცირების გამო თანამშრომლების ჩანაცვლება, იმისათვის, რომ მომხმარებელს სამედიცინო სერვისები შეუფერხებლად მიეღო.
ინგა ჭინჭარაული
ადმინისტრაციული სპეციალისტი
ზუგდიდის პოლიკლინიკაში პაციენტების მომართვიანობა კოვიდ პანდემიის დროს საკმაოდ მაღალი იყო. ინგა ჩართული იყო პროცესების მართვაში და იმის მიუხედავად, რომ ექიმებთან ჯავშნები გადავსებული იყო, ყველაფერს აკეტებდა იმისათვის, რომ პაციენტებს სრულყოფილი მომსახურება მიეღოთ.
დოდო ნახუცრიშვილი
ბილინგის უფროსი
დოდო, ქარელის რაიონული საავადმყოფოს ბილინგის უფროსია და კოვიდ პანდემიის დროს შეცვლილმა რეჟიმმა და გაზრდილმა მომართვიანობამ, მისი სამუშაო რეჟიმიც შეცვალა. თითქმის 24 საათი, შაბათ-კვირის ჩათვლით აწესრიგებს ქარელის რაიონული საავადმყოფოს დოკუმენტაციას. ჩართული იყო კლინიკის კოვიდ განყოფილების გადაკეთების პროცესში და წარმატებით გაართვა თავი ახალი მიმართულების შექმნას.
გალერეა
ევექსი კლინიკების გულის ორდენოსნების დაჯილდოება
ევექსი კლინიკების ყველაზე მზრუნველი, ყველაზე გუნდური და ყველაზე თავდადებული თანამშრომლები