06 აპრილი, 2017

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და უცხოელ კარდიოქირურგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ბავშვთა კარდიოქირურგიულ დეპარტამენტსა და იტალიის წამყვან კლინიკა „ბამბინო გესუს“ („Bambino Gesu“) და ჩინეთის „ჰებეის ბავშვთა ჰოსპიტალის“ (Hebei Provincial Children's Hospital) კარდიოქირურგიულ დეპარტამენტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

იტალიელ და ჩინელ კოლეგებთან მემორანდუმის გაფორმების მიზანია კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის ერთობლივი ტრენინგ-პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა, განსაკუთრებული სირთულის შემთხვევების ერთობლივი მართვა და ახალგაზრდა ქართველი ექიმების სწავლება იტალიის და ჩინეთის კარდიოქირურგიულ კლინიკებში.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 22 საწოლიანი ბავშვთა კარდიოქირურგიული დეპარტამენტი 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებული იტალიის, რუსეთის, ჩინეთის, გერმანიის კარდიოქირურგიულ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებში.  დეპარტამენტის გახსნის დღიდან ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდის მიერ ჩატარებულია ასამდე კარდიოქირურგიული ოპერაცია სხვადასხვა სირთულის გულის პათოლოგიის დროს.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას იტალიისა და ვატიკანის ელჩები  ესწრებოდნენ.