05 დეკემბერი, 2018

ივანე ბოკერიას ჰოსპიტალში მიხეილ ომიაძის და მიხეილ გაბრიჩიძის ხელმძღვანელობით ოფთალმოლოგიური ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა

მიხეილ ომიაძის და მიხეილ გაბრიჩიძის ხელმძღვანელობით რიგით მეორე ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა. ივანე ბოკერიას ჰოსპიტალში (ყოფილი 31-ე ქარხნის საავადმყოფო) უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური ცენტრი ისნის, ვარკეთილის, კახეთის, რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობას მოემსახურება.

ქვეყნის ცნობილი და გამოცდილი ოფთალმოლოგები, პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე, რეგიონული ჰოსპიტლის გარდა პაციენტებს ივანე ბოკერიას ჰოსპიტალშიც (ქინძმარაულის ქ.1, შესახვევი 1) მიიღებენ.

ოფთალმოლოგიურ ცენტრში თვალთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი. საოპერაციო ბლოკები მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებითაა დაპროექტებული, რაც თვალზე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

ოფთალმოლოგიური ცენტრის სერვისები:

• კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა ულტრაბგერის გამოყენებით (ფაკოემულსიფიკაცია) და მაღალტექნოლოგიური, მულტიფოკალური ხელოვნური ბროლის გადანერგვით.
• გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა ექსპრეს შუნტის გამოყენებით.
• ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის ლაზერული კორექცია ფემტო ექსიმერ ლაზერის საშუალებით.
• დიაბეტური თვალის ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა.
• ბავშვთა ოფთალმოლოგია.
• სიელმის ოპერაციები და კომპიუტერული ვარჯიშები.
• კერატოკონუსის ქირურგიული მკურნალობა ფემტოლაზერის საშუალებით-ინტრაკორნეალური რკალებისა და რქოვანის გადანერგვა.
• კერატოკონუსის მკურნალობა ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით - ქროსლინქინგი.
• გლაუკომის, ბადურა გარსის და რქოვანის დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება თვალის კოჰერენტული ტომოგრაფის საშუალებით (TOPCON)