ტკივილი გულმკერდის არეში

რჩევები მოზრდილები

ტკივილი გულმკერდის არეში: საშიში თუ საყურადღებო?

ნებისმიერი ტკივილი გულმკერდის არეში ადამიანების მიერ აღიქმება, როგორც გულის ტკივილი. ვინაიდან გული მოთავსებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ნებისმიერი დისკომორტი პაციენტებისთვის შემაშფოთებელია და ხდება საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო შიშის მიზეზი.

თუმცა ჭეშმარიტი კარდიალური, ანუ გულისმიერი ტკივილი საკმაოდ დამახასიათებელი სიმპტომია და მისი ერთხელ გამოცდის შემთხვევაშიც კი დავიწყება შეუძლებელია.

ანუ როგორც წინა ნათქვამიდან ჩანს გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს კარდიალური  და არაკარდიალური მიზეზები.

კლასიკური სახით გულის ტკივილი ძირითადად პროვოცირდება ფიზიკური აქტივობით და აქვს დამახასიათებელი გავრცელება. იწყება დისკომფორტი მკერდის ძვლის უკან, რომელიც ვრცელდება კისრის მიმართულებით ე.წ. „ჰალსტუხისებური ირადიაცია“. შესაძლოა გავრცელდეს ქვედა ყბაში, კბილებში, ყელში, მხრებში (ორივე მხრის სახსრისკენ), ზემო კიდურების შიგნითა ზედაპირებისკენ. შესაძლოა იყოს ეპიგასტრიუმში, ანუ მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი.

ვინაიდან სტენოკარდიული, ანუ გულისმიერი ტკივილი იწყება ფიზიკური აქტივობის ფონზე და მისი ინტენსივობა ძლიერდება დატვირთვის მატებასთაბ ერთად ევროპელებმა მას ხატოვნად „ვიტრინების“ დაავადება უწოდეს, რადგან ამ სახის დისკომფორტის დროს ადამიანი იძულებულია გაჩერდეს ფეხით სიარულის ან სეირნობისას, შეშინებულია და თითქოს ათვალიერებს მაღაზიის ვიტრინებს.

არსებობს გულის ტკივილის ატიპიური გამოვლენაც. მაგალითად კბილებში, მხოლოდ ხელებში.

რაც შეეხება არაკარდიალურ ტკივილს, მისი მიზეზია გულმკერდის ღრუში არსებული სხვა ორგანოების ან ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის პრობლემით  გამოწვეული დისკომფოტი,  რაც  არ არის დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან. მსგავსი ხასიათის ტკივილი ძლიერდება ხელით ზეწოლისას, ღრმა ჩასუნთქვისას, სხეული პოზიციის ცვლილებისას, ხველის დროს. მასაც აქვს დამახასიათებელი ლოკალიზაცია, იმის და მიხედვით თუ რომელი ორგანოს პრობლემა გვაძლევს ტკივილს გულმკერდში.

ნებისმიერი დისკომფორტი გულმკერდის არეში საჭიროებს დროულ, კვლიფიციურ შეფასებას. სჭიროა მოხდეს ზუსტი იდენტიფიცირება, თუ რა სახის ტკივილთან და დისკომფორტთან გვაქვს საქმე, ვინაიდან დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგვაცილებს მომავალ გართულებებს, რომელი გართულებებიც შესაძლოა სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კი იყოს.

ამიტომ ნებისმიერი ხასიათის ტკივილი გულმკერდში საყურადღებოა.  (ცხრილი)