საშარდე გზების ინფექცია

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

რა არის საშარდე გზების ინფექცია?

საშარდე გზების ინფექცია ვითარდება, როდესაც ბაქტერიები ხვდებიან საშარდე სისტემაში (შარდის ბუშტში), მრავლდებიან და იწვევენ ანთების განვითარებას. უმრავლეს შემთხვევაში ვითარდება შარდის ბუშტის ანთება ანუ ცისტიტი, თუმცა შეიძლება ბაქტერიები აღმავალი გზით მოხვდნენ თირკმელშიც და გამოიწვიონ მისი ანთება- პიელონეფრიტი.

რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას?

საშარდე გზების ინფექცია გამოწვეულია ჩვენს ნაწლავებში მცხოვრები ბაქტერიებით, უმრავლეს შემთხვევაში ეს ბაქტერიაა  ნაწლავის ჩხირი. საშარდე გზების ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს სხვა მიკროორგანიზმებმაც, მაგ.: კლებსიელა, პროტეუსი, ენტეროკოკი, სტაფილოკოკი და სხვ.

რა შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები?

 საშარდე გზების ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს ჩამოთვლილთაგან ერთი ან ყველა სიმპტომით: გახშირებული შარდვა, მოშარდვის დაუძლეველი სურვილი, წვა და ტკივილი მოშარდვის დროს, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, შარდის მძაფრი სუნი, მღვრიე შარდი.  იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მოხვდა თირკმელში, შეიძლება ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს ახლდეს: წელის ტკივილი, მაღალი სიცხე და შემცივნება, გულისრევა და ღებინება.

როგორ დგინდება საშარდე გზების ინფექციის არსებობა?

ამისთვის არსებობს ერთი უტყუარი ტესტი - შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობით ბაქტერიების არსებობა ადასტურებს საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზს. შარდის საერთო ანალიზით ლეიკოციტების აღმოჩენა საშარდე გზების ინფექციის ნიშანია და არა უტყუარი კრიტერიუმი. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს საშარდე სისტემის ექოსკოპია.  სისხლის საერთო ანალიზის და C რეაქტიული ცილის გამოკვლევის  საშუალებით შეიძლება იმის დადგენა, თუ სად არის ინფექცია- შარდის ბუშტში თუ თირკმელში.

ზოგჯერ საჭირო ხდება სპეციფიური კვლევების ჩატარებაც (მაგ.: რენტგენოლოგიური გამოკვლევა- მიქციური ცისტოგრაფია, საშარდე სისტემის ექოსკოპია და ა.შ.).

როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?

საშარდე გზების ინფექციის შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. როგორც წესი, ანტიბიოტიკებით მკურნალობის ეფექტი პირველი დოზის მიცემიდან 2-3 დღეში თვალსაჩინო ხდება, თუმცა მკურნალობის კურსი უფრო ხანგრძლივია - ხუთი დღიდან 14 დღემდე, იმის მიხედვით, ქვედა თუ ზედა საშარდე გზებშია ინფექცია გავრცელებული.

როგორ ავიცილოთ თავიდან საშარდე გზების ინფექცია?

როგორც აღმოჩნდა, გოგონებში უფრო ხშირად ვითარდება საშარდე გზების ინფექცია, ვინაიდან მათი შარდსადენი მილი უფრო მოკლეა, ვიდრე ბიჭებში, ამიტომ ბაქტერიები უფრო ადვილად ხვდებიან შარდის ბუშტში.  ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ გოგონების შემთხვევაში ჩაბანისას ხელის მოძრაობა იყოს წინიდან უკან, ხოლო ბიჭების შემთხვევაში თავი უნდა შევიკავოთ ჩუჩაზე გაუმართლებელი მანიპულაციების ჩატარებისგან. მაგ.: ჩუჩის გადაწევა, რაც ასე გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში.