საშარდე გზების ინფექცია ბავშვებში

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

ბავშვებში საშარდე გზების ინფექცია (სგი)  ერთერთი გავრცელებული ინფექციაა. იგი უქმნის დისკომფორტს ბავშვს, მშობლებს, ირღვევა მათი ნორმალური ცხოვრების რიტმი და რაც მთავარია, შეიძლება  გამოიწვიოს შეუქცევადი  ცვლილებები  (მყარი ჰიპერტენზია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა).

სგი სხვადასხვა სიხშირით ვლინდება ბავშვობის მთელ პერიოდში. საწყისი გამოვლინებები ხშირია 2-3 თვის ასაკის ბავშვებში, უპირატესად ვაჟებში და ასოცირებულია შარდგამომყოფი სისტემის განვითარების დარღვევებთან. ადრეული ასაკში განსაკუთრებით ყურადსაღებია  სგი მწვავე ეპიზოდების სიხშირე,  მაღალი  ამბულატორული და სტაციონარული მომართვიანობის მაჩვენებელი, განმეორებითი ვიზიტების სიხშირე და რაც მთავარია, არარაციონალური მკურნალობის შემთხვევები. 2-3 წლის ასაკიდან ინფექცია უფრო გოგონებშია გავრცელებული და უმეტესად არასწორი ე.წ. „ტუალეტის ტრენინგთან“ არის დაკავშირებული. სგი გავრცელება გოგონებში უმეტესად დაკავშირებულია შარდსადენის ანატომიურ თავისებურებებთან: ის არის მოკლე და განიერი, ნაწლავური მიკროფლორით დაბინძურება გაადვილებულია.

სგი უმეტესად ბაქტერიები იწვევს. ეს ბაქტერიები ძირითადად ნაწლავური ფლორაა  და შეიძლება სწორი ნაწლავიდან ან საშოდან ან დაბინძურებული კანიდან  მოხვდეს შარდსადენში. სგი გამომწვევი ყველაზე ხშირი ბაქტერია არის ნაწლავის ჩხირი - Escherichia coli (E. coli).

სგი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შარდის ნორმალური დინების შეფერხება: ეს მიზეზებია საშარდე გზების განვითარების ანომალიათა დიდი ჯგუფი, მათ შორის შარდის უკუდინება (შარდბუშტ-შარდსაწვეთის რეფლექსი). მიზეზებს შორის აღსანიშნავია ასევე იშვიათი მოშარდვა, რაც შარდის ბუშტში შარდის ხანგრძლივ დაყოვნებას იწვევს,  მცირე რაოდენობით შარდის წარმოქმნა (ბავშვი, რომელიც მცირე რაოდენობით სითხეს იღებს, ვერ წარმოქმნის საკმარის შარდს და ბაქტერიების გამოყოფა შეფერხებულია), შეკრულობა და სხვ. 

სგი დროს ჩივილების ხასიათი ანთების ლოკალიზაციაზე და ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. ანთებამ  შეიძლება მოიცვას მთელი შარდგამომტანი სისტემა ან  მისი გარკვეული სტრუქტურები: შარდის ბუშტი და შარდსადენი, შარდსაწვეთები ან თირკმლის მენჯ-ფიალათა სისტემა და თირკმლის პარენქიმაც კი. შესაბამისად, კლინიკური სიმპტომები ვარიაბელურია.

რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი ჩივილი ნაკლებ სპეციფიკურია. ამის მაგალითია უსიმპტომო ცხელების (>38 ° С) შემთხვევები 2-3 თვემდე ასაკის ბავშვებში, როდესაც ანთების ლოკალიზაციის დადგენა ვერ ხერხდება და  მხოლოდ საშარდე გზების შეფასების საფუძველზე დასტურდება პათოლოგია. ასაკის მატების პარალელურად ჩივილი   ტიპურ ხასიათს იძენს.

სგი დიაგნოზის დაზუსტება შარდის შესწავლით (შარდის საერთო ანალიზი, შარდის ნალექის მიკროსკოპული კვლევა, შარდის  ბაქტერიოლოგიური კვლევა) იწყება, საჭიროების შემთხვევაში ტარდება უსგ და სხვა გამომსახველობითი კვლევები.

საშარდე გზების ინფექციის დროული და სწორი დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიზეზით:

პირველი, ეს არის დაზუსტდეს დაავადების მიზეზი, ჩატარდეს შესაბამისი კვლევა და მკურნალობა, თავიდან იქნეს აცილებული გართულებები;

მეორე, სწორი დიაგნოზი თავიდან აგვაცილებს თირკმლის  დაზიანების საშიშროებას და  ხშირად პოტენციურად საშიში არაეფექტური მედიკამენტების გამოყენებას.

სგი მკურნალობისათვის გამოიყენება ანტიბიოტიკები; აუცილებელია სგი პრევენციული ღონისძიებების დაცვა.