ორსულთა ჯანსაღი ცხოვრების წესი - ნაწილი IV

რჩევები ორსულობა

თუ ორსული ვეგეტარიანელია,  განსაკუთრებით კი თუ იგი არ მოიხმარს  არც ერთ ცხოველურ პროდუქტს(ე.წ. მკაცრი ვეგეტარიანელები), ეს ნიშნავს, რომ იგი ვერ იღებს საჭირო რაოდენობით ამინომჟავებს, რკინას, ვიტამინ B12, D, E, კალციუმსა და ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. გარდა ამისა, ვეგეტარიანელთა შორის მაღალია ფიტოესტროგენების მოხმარება და არსებობს მოსაზრება, რომ ფიტოესტროგენების მაღალმა დოზებმა შესაძლებელია  მამრობითი სქესის ახალშობილებში  გაზარდოს ჰიპოსპადიის განვითარების რისკი.

ორსულთათვის საჭირო ნივთიერებების დეფიციტის  შევსება, ჩვეულებრივ  შესაძლებელია დიეტის მცირედი შესწორებებით ან საკვები დანამატებით; ამისათვის კი ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი დიეტოლოგის მიერ  წინასწარ შეფასდეს  ვეგეტარიანული  დიეტის ტიპი და ამის შესაბამისად შემუშავდეს დაბალანსებული ვეგეტარიანული დიეტა თითოეული ორსულისათვის. ვეგეტარიანული დიეტები განსხვავებულია თავისი შემადგენლობის მიხედვით:

  • ე.წ. მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა შედგება მხოლოდ მარცვლეულის, ხილის, ბოსტნეულის, პარკოსნების(ლობიო, ბარდა) და თხილეულისაგან. ეს ადამიანები არ ღებულობენ არანაირ ცხოველურ პროდუქტს, თაფლს;
  • ფრუტარიანული დიეტა – მიეკუთვნება მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტას;   ეს ადამიანები მოიხმარენ მხოლოდ ხილს, თხილეულს, მარცვლეულს და ზოგიერთ ბოსტნეულს(ავოკადო, პომიდორი);

ნაკლებად მკაცრი ვეგეტარიანული დიეტები მოიცავს ზოგიერთ ცხოველურ პროდუქტს: რძეს და რძის ნაწარმს,  კვერცხს; ასეთ დიეტებს მიეკუთვნება:

  • ნახევრად ვეგეტარიანელები - ეს  ადამიანები საკვებად  მოიხმარენ ხორცს, თევზს, ქათამს გარემოებების შესაბამისად;
  • პესკატარიანელები – ვეგეტარიანელები, რომელთა დიეტა შეიცავს  თევზს, კვერცხს, რძესა და რძის პროდუქტებს(გარემოებების შესაბამისად), მაგრამ არა ცხოველურ ხორცს;
  • ლაქტო-ოვოვეგეტერიანელები – მოიხმარენ კვერცხს, რძეს და რძის-პროდუქტებს, არ მოიხმარენ არანაირ ცხოველურ ხორცს;
  • ლაქტო-ვეგეტერიანელები – საკვებად მოიხმარენ რძეს და რძის პროდუქტებს; არ მოიხმარენ კვერცხს და ხორცს;
  • მაკრობიტიკები – მოიხმარენ ბურღულეულს(განსაკუთრებით ყავისფერ ბრინჯს),  ბოსტნეულს, ხილს, ზღვის მცენარეებს, ცხოველური საკვებიდან - ქათმის ან თევზის თეთრ ხორცს  კვირაში ერთხელ ან ორჯერ;.

ვეგეტარიანელთა დიეტის დაბალანსება შესაძლებელია სხვადასხვა ფორტიფიცირებული საკვების დამატებით, რომელიც წარმოადგენს ორსულთათვის სავალდებულო საკვანძო ელემენტების  (კალციუმი, ცინკი, რკინა, ვიტამინები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები) წყაროს; მაგალითად მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის რეკომენდებულ ფორტიფიცირებულ პროდუქტებს წარმოადგენს არაცხოველური წარმოშობის რძე(ფორტიფიცირებული სოიოს სასმელი), ხორცის ანალოგი, საუზმისთვის ბურღულეული ფანტელი;  ვეგეტარიანელებისთვის რეკომენდებულია საკვებად ადგილობრივად მოყვანილი ხილის და ბოსტნეულის გამოყენება.

ამგვარად, კარგად დაბალანსებული ვეგეტარიანული დიეტა უზრუნველყოფს საკვანძო ელემენტების დეფიციტის პრევენციას და  არ ახდენს უარყოფით გავლენას ორსულობის გამოსავალზე.

რაც შეეხება ორსულთა მიერ მარხვის დაცვას, არსებობს მოსაზრება, რომ ორსულ ქალს შეუძლია იმარხულოს კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში დღეში რამდენიმე საათის მანძილზე;  სავარაუდოდ,  მარხვა  უარყოფითად არ მოქმედებს ორსულობის მიმდინარეობაზე, კვლევებით დადგინდა, რომ რამადანის დროს ერთ თვიანი მარხვის დაცვა არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენდა  ნაყოფზე.

როგორი უნდა იყოს ორსულის წონა და როგორია ორსულობის დროს  წონის დასაშვები ნამატი? გაგრძელება შემდეგ კვირაში...