ონკო პრევენცია

რჩევები მოზრდილები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გამოვლენილი ავთვისებიანი ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევის მესამედის პრევენცია შესაძლებელია. პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით: 

  • თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილება(როგორც პასიური, ასევე აქტიური)
  • ფიზიკური აქტივობა
  • ჯანსაღი კვება
  • სკრინინგ პროგრამებში მონაწილეობის მიღება
  • ვაქცინაციის ჩატარება
  • სტრესისგან თავის აცილება და ა.შ

ონკოლოგიურ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ვიცოდეთ რომელმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების განვითარების რისკის გაზრდა. არსებობს რისკ ფაქტორები - მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი.

მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორებია:

  • თამბაქოს მოხმარება(როგორც აქტიური, ასევე პასიური) წარმოადგენს მრავალი ონკოლოგიური დაავადების გამომწვევ მიზეზს. ყველაზე ხშირად კი  ფილტვის, საყლაპავი, თავ-კისრის ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი მიზეზია. თამბაქოს მომხმარებელთა ონკოლოგიური დაავადების განვითარების  რისკი 2-10 ჯერ მაღალია, არამომხმარებლებთან  შედარებით. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი იზრდება თამბაქოს როგორც აქტიური , ასევე პასიური მოხმარებისას.

მსოფლიოს ფარგლებში, და უკვე ჩვენს ქვეყანაში, აქტიური პროპაგანდა ტარდება თამბაქოს მოხმარებისგან თავშეკავების, შეწყვეტის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აკრძალვის  შესახებ. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის შემდეგ ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკიც თანდათან მცირდება.

  • ფიზიკური აქტივობა. ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, ონკოლოგიურ დაავადებათა დაახლოებით 5% განპირობებულია არააქტიური ცხოვრების წესით. ამავე ასოციაციის რეკომენდაციით, ყოველდღიურად, მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში ვარჯიში, კვირაში მინიმუმ 5 დღის განმავლობაში, ამცირებს ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს(ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური დაავადებები).
  • წონის კონტროლიჯანსაღი კვებაალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება  ასევე წარმოადენს ერთ-ერთი მთავარ მიზანს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციაში. ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ჭარბი წონა, სიმსუქნე, შეადგენს ნაწლავის სიმსივნეების 10-40%-ს. ასევე, ნაწლავით სიმსივნეებით პაციენტების დაახლოებით 82%-ში ნანახი არის D ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობა.
  • ინფექცია. ონკოლოგიური დაავადებების 17% განპირობებულია ქრონიკული ინფექციის შედეგად. რამდენიმე სახის ინფექციური აგენტი განაპირობებს ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკის გაზრდას. მაგალითად: ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) იწვევს საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის  90-92%-ს. უკვე მთელს მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით,  ტარდება  9-13 წლამდე ასაკის გოგონების ვაქცინაცია ორი ტიპის ვაქცინით(Gardasil and Cervarix), რომელიც რეკომენდირებულია U.S. Food and Drug Administration(FDA) მიერ. მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინაციამ დაავადების სიხშირე 20-24 წლის ქალბატონებში მნიშვნელოვნად შეცვალა: დაავადების გავრცელება 18.5 % დან 12.1%-მდე შემცირდა.

ასევე, ვაქცინაცია მიმდინარეობს hepatitis B ვირუსის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების შესაძლო მიზეზია.

ინფექციური აგენტებიდან ასევე აღსანიშნავია:

1.ებშტეინ-ბარის ვირუსი (EBV), რომელიც ზრდის ლიმფომის, კუჭისა და ნაზო-ფარინგეული სიმსივნეების განვითარების რისკს.

2.ჰელიკობაქტერია პილორით (H. pylori)  გამოწვეული ინფექცია, რომელიც ასევე ასოცირებულია კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკის ზრდასთან.

3.ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV), რომელის არაერთი ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკის ზრდასთანაა დაკავშირებული (მაგ. კაპოშის სარკომა, ლიმფომა და ა.შ)

4.ჰერპერვირუსი (იგივე კაპოშის სარკომასთან ასოცირებული ჰერპეს ვირუსი (HHV8))  შესაძლოა იყოს კაპოშის სარკომის გამომწვევი ფაქტორი.

  • მზის სხივების ზემოქმედება იწვევს კანის დაზინებას, რაც შესაძლოა იყოს მიზეზი კანის სიმსივნის განვითარების. ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით საშიშია 12 pm – 16pm პერიოდში. მზის სხივებისგან თავის დაცვა აუცილებელია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ყველაზე ხელსაყრელ მეთოდს კი მზის დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანისამოსით კანის მაქსიმალური დაცვაა.
  • საწარმოს მავნე ნივთიერებები, ქიმიური აგენტები, შხამ-ქიმიკატები, რომელთანაც მუშაობა უწევს ადამიანებს და რომელთა შემცველობა არის ჰაერში, წყალში და ა.შ. მოწყობილობათა გამოსხივება, რადიაცია, სამშენებლო მტვრით და გამონაბოლქვით დაბინძურებული გარემო და ა.შ  წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებების  განვითარების რისკ.

არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორებია:

ასაკი, ეთნიკურობა, სიმსივნის ოჯახური ანამნეზი, სქესი.

სიმსივნური დაავადებების 10 % განვითარებულია მემკვიდრული წინასწარგანწყობით, ანუ მუტაციით გენებში, რომლებიც არიან პასუხისმგებელი უჯრედული ციკლის სწორ მიმდინარეობაზე (მაგ. მუტაცია BRCA1/2 ). გენეტიკური ანალიზი მუტაციაზე რეკომენდებულია თუკი პაციენტს აქვს პირადი ან ოჯახური ანამნეზი, რომელიც მეტყველებს სიმსივნური დაავადების შესაძლო მემკვიდრულ განწყობაზე. მაგალითისთვის, BRCA1 და BRCA2 ის გენეტიკური ანალიზი ტარდება იმ შემთხვევაში თუკი პაციენტს აქვს საკვერცხის და/ან სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ოჯახური ანამნეზი (პირველი და მეორე რიგის ნათესავი),თუკი ოჯახის წევრები არიან BRCA1 და BRCA2 მუტაციის მტარებლები, სიმსივნის დიაგნოსტირების  ახალგაზრდა ასაკი.

რისკ -ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლებელია ადამიანთა მიკუთვნება მაღალი, საშუალო და დაბალი რისკ ჯგუფებისათვის. მათი დაყოფის არსი, ზოგიერთ შემთხვევაში, სკრინინგის სხვადასხვა მეთოდის დამატებით გამოყენებასა და ინტენსივობის ცვლილებას განაპირობებს. მაგალითისთვის, თუ ქალბატონი BRCA1 და BRCA2 გენის მუტაციის მტარებელია, მაშინ სარძევე ჯირკვლის სკრინინგ მეთოდს, სარძევე ჯირკვლის მაგნიტო-რეზონანსრული (MRI) გამოკვლევაც ემატება.

სკრინინგ მეთოდები:

ძუძუს კიბოს სკრინინგ მეთოდებს მიეკუთვნება:

  • თვითგასინჯვა
  • კლინიკური გასინჯვა
  • მამოგრაფია
  • სარძევე ჯირკვლის ულტრასონოგრაფია
  • სარძევე ჯირკვლის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა.

სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 40 წლის ასაკიდან იწყება, მაგრამ თუ ქალბატონს აქვს სარძევე ჯირკვლის და /ან საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის ოჯახური ანანმნეზი ასეთ შემთხვევაში სკრინინგი იწყება 10 წლით ადრე, ვიდრე ოჯახის წევრის დიაგნოსტირების ასაკია.  სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სკრინინგი გულისხმობს ყოველწლიურად გამოკვლევების ჩატარებას და მიღებული შედეგებით ონკოლოგის კონსულტაციას.

სარძევე ჯირკვლის MRI არ წარმოადგენს სკრინინგის რუტინულ ტესტს. ამ გამოკვლევის  ჩატარების ჩვენებაა: ქალბატონი, რომელსაც აქვს BRCA1 და BRCA2 მუტაცია; რომელთა ოჯახის წევრი არის ამავე მუტაციის მტარებელი, მაგრამ თვითონ ჯერ არ აქვს ჩატარებული ტესტი მუტაციაზე; ქალბატონები, რომლებსაც 10-30 წლის ასაკში ჩატარებული აქვთ სხივური თერაპია სარძევე ჯირკვლის არეში;

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშვილონოს ყელის  ონკოლოგიური დაავადების  გამომწვევი 90 %-ზე მეტს  შემთხვევაში ადამიანის პაპილომა ვირუსია (HPV). საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი გულისხმობს შემდეგს:

  •  პაპ-ტესტი
  • HPV ტესტი

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის საწყისი ასაკი 21 წელია. 21-29 წლის ასაკში რეკომენდებულია  საშვილოსნოს ყელის პაპ-ტესტის ჩატარება 3 წელიწადში ერთხელ.

30-65 წლის ასაკის ქალბატონებისათვის უმჯობესია პაპ-ტესტი HPV ტესტთან კომბინაციაში, 5 წელში ერთხელ. ასევე, ამ ასაკის ქალბატონებისათვის დასაშვებია, მხოლოდ პაპ-ტესტი , 3 წელში ერთხელ.

65 წლის ზემოთ ქალბატონებისათვის სკრინინგი შესაძლებელია შეწყდეს ორ შემთხვევაში: თუ ბოლო ორი , თანმიმდევრული, ციტოლოგიური გამოკვლევის შედეგი იყო ნეგატიური, ან თუ ციტოლოგიური კვლევის და HPV ტესტი იყო უარყოფითი ბოლო 10 წლის განმავლობაში (აქედან, ბოლო გამოკვლევა  აუცილებელია ჩატარებული იყოს ბოლო 5 წლის განმავლობაში).მაგრამ, ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელიალური ნეოპლაზია(CIN) 2 და 3,  ან ადენოკარცინომა in situ-ს ანამნეზი, მათ სკრინინგ პროგრამაში მონაწილება უნდა გააგრძელონ ყველაზე მცირე 20 წლის განმავლობაში.

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი:

მსხვილი ნაწლავის კიბოს  სკრინინგი 50 წლის ასაკში იწყება და გულისხმობს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტს და ენდოსკოპიური მეთოდით გამოკვლევას(საჭიროების შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ არსებობს  რისკ ფაქტორები, როგორიცაა: სიმსივნის ოჯახური ანამნეზი, პირადი ანამნეზი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, მაშინ სკრინინგი იწყება უფრო ადრეულ ასაკში და უფრო ხშირად ტარდება.

წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი გულისხმობს:

  • სისხლში PSA-ის განსაზღვრას
  • ხელით  გასინჯვას

სკრინინგის დაწყების ასაკი დამოკიდებულია იმაზე, რომელ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება ინდივიდი:

ა) მაღალი რისკის ინდივიდში (აფრო-ამერიკული ეთნიკურობა, ადრეულს ასაკში (>65წ) პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებული პირველი რიგის ნათესავი (ძმა, შვილი, მამა)) წინამდებარე ჯირკვლის სკრინინგი 45 ასაკიდან იწყება.

ბ) უფრო მაღალი რისკის ინდივიდებში (ვისაც ჰყავს ადრეულ ასაკში პროსტატის კიბოს დიაგნოზით დიაგნოსტირებული ერთზე მეტი პირველი რიგის ნათესავი) წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი იწყება 40 წლის ასაკიდან

გ) საშუალო რისკის ინდივიდში 50 წლის ასაკიდან

ონკოლოგიური დაავადების პრევენციით შესაძლებელია თავი დავიცვათ დაავადების განვითარებისაგან.

სკრინინგ პროგრამებში მონაწილეობის მიღება აუცილებელია, რათა მოხდეს დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება, რაც განაპირობებს  დაავადების უკეთესს პროგნოზს.