გრიპი

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები
რა არის გრიპი?

გრიპი ეს არის გადამდები რესპირაციული დაავადება, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი. ის აზიანებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ხახა, ფილტვები). სხვა რესპირაციული ვირუსებისაგან განსხვავებით, გრიპი იწვევს სერიოზულ დაავადებას და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს.

საქართველოში გრიპის სეზონური მატება იწყება ნოემბრის ბოლოს, პიკს აღწევს იანვრის მეორე ნახევარში და თებერვლის დასაწყისში. საქართველოში სეზონური გრიპი ხასიათდება საშუალო ან მაღალი აქტივობით.

რა არის გრიპის სიმპტომები?

გრიპი სასუნთქი სისტემის დაავადებაა. გრიპის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, კუნთების ტკივილი. ბავშვებში დამატებით შეიძლება აღინიშნოს გულის რევა, პირღებინება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება.

როგორ ვრცელდება გრიპი?

გრიპის ვირუსის გავრცელების ძირითადი გზაა ჰაერ-წვეთოვანი. დაავადებს ვრცელდება ხველების ან ცხვირცემინების დროს. შედარებით იშვიათად ვირუსი ვრცელდება მაშინ, როდესაც პიროვნება ხელით ეხება იმ საგანს, რომელზეც მოხვდა დაავადებული ადამიანიდან გამონაყოფი, ხოლო შემდეგ ამ დაინფიცირებულ ხელს შეახებს პირს ან ცხვირს.

რა გართულებები ახასიათებს გრიპს?

გრიპის გართულებებია ფილტვების ანთება, ყურის ინფექცია, ცხვირის დანამატი ღრუების ინფექცია და ქრონიკული დაავადებების გართულება, როგორიცაა გულის უკმარისობა, ასთმა, დიაბეტი და სხვ.

რამდენ ხანში გავხდები ავადთუ გრიპით ავადმყოფთან მქონდა კონტაქტი?

გრიპთან დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ დაავადების ნიშნები ვლინდება ერთი – ოთხი დღის განმავლობაში, საშუალოდ 2 დღეში.

რამდენი ხნის განმავლობაში არის გრიპი გადამდები?

გადადების პერიოდი დამოკიდებულია ადამიანის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. უხშირეს შემთხვევაში დაავადებულს შეუძლია ინფექციის გადაცემა დაავადების ნიშნების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და დაავადების ნიშნების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში.

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ გრიპი?

გრიპის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით, რომელიც გრიპის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდია ნოემბრის თვე, ვინაიდან ვაქცინა მოქმედება იწყებს შეყვანიდან 2 კვირის შემდეგ და მისი ეფექტი გრეძელდება 6 თვე. 2016-2017 წლის გრიპის სეზონისთვის მოწოდებული ვაქცინა მოქმედებს სამი ტიპის გრიპის ვირუსზე: A(H1N1), A(H3N2) და გრიპის ვირუსი.

გარდა ამისა, უნდა დავიცვათ რამდენიმე მარტივი წესი, როგორიცაა:
  • მოვერიდოთ ახლო კონტაქტს იმ პიროვნებებთან, რომლებიც ავად არიან;
  • დარჩით სახლში, როდესაც ავად ხართ, ამით თქვენ თავიდან ააცილებთ დაავადებას ჯანმრთელ ადამიანებს; 
  • დაიფარეთ პირი და ცხვირი ხველების და ცხვირცემინების დროს;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები;
  • მოერიდეთ შეეხოთ დაუბანელი ხელებით თქვენს თვალს, ცხვირს და პირს;
  • იყავით ფიზიკურად აქტიურნი, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე, ეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესი.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ექიმის კონსულტაცია აუცილებლია, თუ:
  • ბავშვის ზოგადი მდგომარეობა შეცვლილია, ის ძილიანია, ლეთარგიული ან პირიქით, ძალიან აღგზნებული;
  • სხეულის ტემპერატურა ( >38,30 ჩ);
  • სუნთქვის სიხშირე მომატებულია;
  • აღინიშნება ნეკნთაშუა არეების ჩაზნექვა ან ცხვირის ნესტოების ბერვა სუნთქვის დროს;
  • სუნთქვა ხმაურიანია და გაძნელებული;
  • ცხვირ-ტუჩის არე მოლურჯო ფერისაა;
  • არ იღებს ძუძუს ან სითხეებს;
  • აქვს ხმაურიანი ჩასუნთქვა და მყეფავი ხასიათის ხველა ხმის შეცვლასთან ერთად;
  • ნაწლავთა მოქმედება აქვს დღე-ღამეში 3 და მეტი წყლის შემცველი განავლით.