ფებრილური გულყრა

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

ზოგადი მიმოხილვა — ფებრილური გულყრა  ეს არის კრუნჩხვები, რომელიც 3 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება 38ºC-ზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში. ფებრილური გულყრის უმეტესობა 12-დან 18 თვემდე ბავშვებში იჩენს თავს.

ფებრილური გულყრა 5 წლამდე ბავშვების 2-4 პროცენტში ფიქსირდება. შესახედად შიშის მომგვრელია, მაგრამ არ აზიანებს ტვინს და არც ინტელექტზე ახდენს ზეგავლენას. ფებრილური გულყრა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აქვს ეპილეფსია. ეს უკანასკნელი გულისხმობს 2 ან მეტ კრუნჩხვის ეპიზოდს ცხელების გარეშე.

ფებრილური გულყრის გამომწვევი მიზეზები

ინფექცია  — ფებრილური გულყრა შეიძლება განვითარდეს ცხელების შედეგად, რომელიც თან ახლავს ბაქტერიულ ან ვირუსულ ინფექციებს.

აცრები — ცხელება შეიძლება განვითარდეს გარკვეული ვაქცინების გვერდითი მოვლენის სახით, განსაკუთრებით წითელა/ყბაყურა/წითურას (MMR) ვაქცინაციის შედეგად.

რისკ ფაქტორები

ოჯახში გულყრის ეპიზოდები ზრდის ბავშვში ფებრილური გულყრის განვითარების რისკს.

ფებრილური გულყრის მკურნალობა

ფებრილური გულყრის შემთხვევაში ბავშვი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაასინჯოთ ექიმს ცხელების მიზეზის დასადგენად. ზოგიერთი ბავშვის, განსაკუთრებით 12 თვემდე ჩვილების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გამოკვლევის ჩატარება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ცხელება კავშირში არ არის მენინგიტთან, რომელიც ტვინის გარსის სერიოზული ინფექციას წარმოადგენს.

კრუნჩხვების მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას და ბავშვის გულისცემის სიხშირის, არტერიული წნევისა და სუნთქვის კონტროლს. კრუნჩხვის თავისთავად შეწყვეტის შემთხვევაში საჭირო არ არის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება. ფებრილური გულყრის დროს ბავშვების უმეტესობის საავადმყოფოში დატოვების საჭიროება არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრუნჩხვა პროვოცირებული იყო სერიოზული ინფექციით, რომელიც ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვს.

კრუნჩხვის შეწყვეტის შემდეგ იწყება ცხელების მკურნალობა ჩვეულებრივ ორალური ან რექტალური პარაცეტამოლით ან იბუპროფენით და ზოგჯერ სხეულის ოთახის ტემპერატურის (არა ცივი) წყლით დაზელვით.

განმეორებითი ფებრილური გულყრა  ფებრილური გულყრის ერთხელ განვითარების შემთხვევაში ბავშვი მისი განმეორების რისკის წინაშე დგას. განმეორებითი გამოვლინება შემთხვევების 30-35 პროცენტში ფიქსირდება. განმეორებითი ფებრილური გულყრა არ არის აუცილებელი იმავე ტემპერატურაზე განვითარდეს, როგორც პირველ ეპიზოდში და შესაძლებელია არ განმეორდეს ყოველი ცხელების დროს.

სახლის პირობებში მკურნალობა

მშობლებმა, რომლებიც ფებრილური გულყრის შეტევის დროს  ბავშვის გვერდით იმყოფებიან, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან ბავშვის მიერ თვითდაზიანების პრევენციის მიზნით.

  • დააწვინეთ ბავშვი გვერდულად, მაგრამ ნუ შეეცდებით მისი მოძრაობების ან კრუნჩხვის შეჩერებას.
  • თვალი გეჭიროთ საათზე. კრუნჩხვები, რომელიც 5 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. ერთ-ერთი მშობელი უნდა დარჩეს ბავშვთან, ხოლო მეორემ სასწრაფო დახმარება გამოიძახოს.  

პრევენციული მკურნალობა

უმეტეს შემთხვევაში კრუნჩხვების პრევენციის მიზნით მკურნალობა რეკომენდებული არ არის. კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ყოველდღიური მიღების რისკი და პოტენციური გვერდითი მოვლენები მის სარგებლიანობას აღემატება. ამას გარდა, ცხელების პრევენციის მიზნით მედიკამენტების მიცემა (მაგ., პარაცეტამოლი ან იბუპროფენი) ცხელების არმქონე (მაგალითად, ბავშვი გაციებულია და არ აქვს ცხელება) ბავშვისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ამით ფებრილური გულყრის მომავალში განვითარების რისკი არ მცირდება.

ცხელების (38ºC-ზე მაღალი ტემპერატურა) მკურნალობა მისაღებია, მაგრამ არა ყოველთვის საჭირო. მშობლებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც ბავშვის ცხელების მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას გაუწევს.

თანმდევი მოვლენები  — ფებრილური გულყრა ინტელექტსა და ტვინის განვითარების სხვა ასპექტებზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ეპილეფსია უფრო ხშირად ვითარდება ფებრილური გულყრის მქონე ბავშვებში. თუმცა, ეპილეფსიის განვითარების რისკი იმ ბავშვში, რომელსაც გადატანილი აქვს ერთჯერადი მარტივი ფებრილური გულყრა სულ ოდნავ აღემატება რისკის დონეს იმ ბავშვის შეთხვევაში, რომელსაც ფებრილური გულყრა არასოდეს ჰქონია.