ახალშობილებზე მეთვალყურეობის ძირითადი პრინციპები

რჩევები ახალშობილის მოვლა

ახალშობილობის  ანუ ნეონატალური პერიოდი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც ახალშობილი ეგუება მისთვის ახალ, საშვილოსნოს შიგა გარემოსგან აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებს და იწყებს დამოუკიდებელ არსებობას. მოცემული ასაკი ჩვეულებრივ მაღალი ავადობით და გართულებების მაღალი რისკით ხასიათდება. ახალშობილთა ასაკისთვის დამახასიათებელია მთელი რიგი თავისებურებები, რის გამოც მათ  განსაკუთრებული მოვლა და გარემო პირობების შექმნა ესაჭიროებათ.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში სწორედ ადეკვატურ მოვლაზეა დამოკიდებული.

ახალშობილთა პერიოდში ყალიბდება დედასა და შვილს შორის მჭიდრო ემოციური  კავშირი ე.წ. მიჯაჭვულობის შეგრძნება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მომავალში ბავშვის განვითარებაზე. ახალშობილი, რომელსაც ორსულობის პერიოდში მუდმივად დედის გულისცემა და მისი ხმა ესმოდა, ახალ გარემოში ზოგჯერ თავს “ეულად” გრძნობს და ამიტომ დედის განსაკუთრებულ ზრუნვას, სითბოს და  მეთვალყურეობას  საჭიროებს.

ახალშობილთა ასაკში ხშირია გარემოსთან შეგუების ე.წ. ადაპტაციის დარღვევების განვითარების რისკი, რაც ჩვეულებრივ არ წარმოადგენს პრობლემას და არც მკურნალობას მოითხოვს,  თუმცა ხშირ შემთხვევაში მშობლის ძლიერ შეშფოთებას იწვევს. მშობლებმა უნდა იცოდნენ მოცემულ ასაკში  თუ რა გამოვლინებები არ ითვლება პათოლოგიად. ამავე დროს აუცილებელია იმ სიმპტომების,  ე.წ. საშიშროების ნიშნების, ცოდნა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ექიმთან დაუყოვნებლივ ვიზიტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი საუბარის თემას სწორედ ახალშობილზე მეთვალყურეობა წარმოადგენს.  ჩვენ მოკლედ განვიხილავთ ახალშობილის თავისებურებებს, მისი მოვლის და მეთვალყურეობის ძირითად პრინციპებს. გახსოვდეთ, რომ მოცემულ პერიოდში ბავშვზე ადეკვატური მეთვალყურეობა და მოვლა,  გარდამავალი პრობლემების იდენტიფიკაცია და სწორი მართვა მისი ჯანმრთელობისა და ზრდა განვითარების საწინდარია. ახალშობილის ადეკვატური მოვლის პრინციპების დაცვა მშობიარობის პირველი წუთებიდანვე მინიმუმამდე ამცირებს ახალშობილთა ავადობისა და მოკვდაობის  რისკს.