ანემია ბავშვებში

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

რა არის ანემია ?

ანემია, ანუ სისხლნაკლებობა პრაქტიკულ მედიცინაში ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს. ეს პრობლემა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რადგან ანემიათა სიხშირე განუწყვეტლივ იზრდება,განსაკუთრებით ადრეულ ასაკში.  
                                                                                                   

რა უწყობს ხელს ანემიის განვითარებას?

ანემიის განვითარების 4 ძირითადი მიზეზი არსებობს. ესენია:                         

  • იმ ნივთიერებების დეფიციტი, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ სისხლწარმოქმნაში: რკინა, ცილა, ვიტამინები–დეფიციტური ანემიები.    
  • სხვადასხვა სისხლდენებით გამოწვეული ანემიები–პოსტჰემორაგიული ანემიები.                                                                                                                
  • სისხლის წითელი უჯრედების დაშლით გამოწვეული ანემიები–ჰემოლიზური ანემიები.                                                                                                   
  • ძვლის ტვინის უკმარისობით გამოწვეული ანემიები–აპლაზიური ანემიები.  

ანემიის ჩამოყალიბების ფაქტორებიდან გამოსაყოფია: ბავშვის არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება, განსაკუთრებით კვების რაციონში ხორცის პროდუქტების და ვიტამინების სიმცირე, დღენაკლულობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა, რკინის ღრმა დეფიციტი ორსულებში, ხელოვნური კვება, ძროხის და თხის რძით კვება, ჭიებით ინვაზია, ხშირი ავადობა სხვადასხვა წამლების მიღება და სხვა. 

რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ანემიას?

სიფერმკრთალე, სიყვითლე, უმადობა, სისუსტე, ჭირვეულობა, ადვილად დაღლა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, თავბრუსხვევები, შუილი ყურებში, ნახეთქები ტუჩის კუთხეებთან, ფრჩხილების გათხელება და მტვრევადობა, კბილების კარიესი, კუნთების ტკივილი, შარდის შეუკავებლობა, ტემპერატურის მომატება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება და სხვა.