ორსულთა ჯანსაღი ცხოვრების წესი: ორსულთა ვარჯიში

რჩევები ორსულობა

ორსულობა ქალის სიცოცხლის საუკეთესო პერიოდია ცხოვრების წესის გაჯანსაღებისათვის, ჯანმრთელი  საკვების მიღების  და ფიზიკური აქტივობის მომატების დახმარებით.  გართულების გარეშე მიმდინარე ორსულობის დროს  რეკომენდებულია  ქალმა ივარჯიშოს  როგორც ორსულობის განმავლობაში ასევე მშობიარობის შემდეგაც. ვარჯიში  ორსულისა და ნაყოფისათვის ძირითადად სარგებლის მომტანია და მხოლოდ მინიმალური რისკის მომცველია. რეგულარული ვარჯიში ორსულს უნარჩუნებს/ აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და კარდიორესპირატორულ ფუნქციას, აძლიერებს კარგად ყოფნის გრძნობას და აქვეითებს მჯდომარე ცხოვრების წესთან დაკავშირებული თანმხლებ დაავადებების განვითარების სიხშირეს, ხელს უწყობს  ჭარბი წონის ნამატის გაკონტროლებას, ორთოპედიული სიმპტომების, კერძოდ ზურგისა და  ბოქვენის შესახსრების ტკივილის შემცირებას, შარდის შეუკავებლობის პრევენციას (მენჯის ფსკერის კუნთების  ე.წ.კეგლის ვარჯიშის საშუალებით); ვარჯიში სავარაუდოდ ეხმარება ორსულს ისეთი გართულებების  თავიდან აცილებაში, როგორიცაა მაკროსომია, პრეეკლამფსია, გესტაციური დიაბეტი. 

ვარჯიშის პროგრამაში ჩართვამდე უნდა მოხდეს ორსულის შეფასება ფიზიკური აქტივობის სამედიცინო და სამეანო უკუჩვენებების გამოსავლენად. ამ მიზნით  სრულყოფილად უნდა შეიკრიბოს სამედიცინო ანამნეზი, შეფასდეს დედის  ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამოვლინდეს გართულებები,   ჩატარდეს ნაყოფის დოპლეროგრაფიული კვლევა. ორსულობის დროს გამოყენებული ვარჯიშები უნდა იყოს მოდიფიცირებული ორსულობის ანატომიური და ფიზიოლოგიური ცვლილებების შესაბამისად და უარყოფითად არ უნდა მოქმედებდეს ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

მართალია, ზომიერი  ვარჯიში არ წარმოადგენს ორსულობის რომელიმე გართულების პირდაპირ მიზეზს, და ვარჯიშთან ასოცირებული რისკები მცირერიცხოვანი და უმნიშვნელოა, მაგრამ ორსული აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს ამ რისკების შესახებ. ძირითად რისკს კი დედის ტრავმა წარმოადგენს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი სამეანო გართულება, როგორიცაა პლაცენტის აცლა და ავნოს ნაყოფს;   ასევე არსებობს გადახურების, გაუწყლოვნების განვითარების  რისკიც; ჰიპერთერმია (>390C), რომელიც  საშიშია ორსულისათის ასოცირებულია ენერგიულ, დამღლელ ვარჯიშებთან,  ცხელ დღეს ჩატარებულ  ხანგრძლივ მარათონთან და სხვ.  ზოგადად კი  ორსულობის დროს ვარჯიშით გამოწვეული ჰიპერთერმია არ აღებმატება 380C და ტერატოგენულ საფრთხეს ორსულისათვის არ წარმოადგენს. იშვიათად გადამეტებულმა ვარჯიშმა შეიძლება  განაპირობოს საშვილოსნო-პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის შემცირება, რაც შესაძლებელია მცირე ვადით ნაყოფის ჰიპოქსიით განვითარებული ბრადიკარდიის განვითარების მიზეზი გახდეს.

ყოველი ორსულისათვის ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს:

  • ვარჯიშის ტიპი ( დასაშვები/არდასაშვები), 
  • ვარჯიშის ჩატარების სიხშირე,
  • ვარჯიშის ხანგრძლივობა, ინტენსივობა, სირთულე.

ორსულისათვის უკუნაჩვენებია ზოგიერთი ტიპის ვარჯიშები: მაგ. კონტაქტური, დამღლელი ვარჯიშები, ყვინთვა და სხვ; ორსულისათვის რეკომენდებულია ზომიერი ვარჯიში. ზომიერ ვარჯიშად ითვლება ვარჯიში, რომლის წარმოების დროსაც ორსულს შეუძლია ისაუბროს დაძაბვის გარეშე; ზომიერი ვარჯიშის სიხშირე და ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად 10წთ-ს და შემდეგ 30წთ/დღეში, კვირაში 5-7 დღე;    ვარჯიში უნდა დაიწყოს გახურებით და დაჭიმვით(5-10წთ), გაგრძელდეს სპეციალური სავარჯიშო პროგრამით(20-30წთ) და დასრულდეს გაგრილებით(5-10წთ); ვარჯიში უნდა ჩატარდეს თერმო-ნეიტრალურ გარემოში, შესაბამისი ჰიდრატაციის დაცვით: ორსულმა  ვარჯიშის წინ, ვარჯიშის განმავლობაში და ვარჯიშის დასრულების შემდეგაც უნდა მიიღოს სითხე სათანადო ოდენობით;

იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა გართულდა, ორსულმა ვარჯიში უნდა შეწყვიტოს. ვარჯიშის შეწყვეტის ჩვენებებია:

  • სისხლდენა საშოდან
  • საშვილოსნოს მტკივნეული, რეგულარული შეკუმშვები
  • სანაყოფო სითხის დაღვრა
  • თავის ტკივილი
  • ტკვილი გულმკერდის არეში
  • სისუსტე კუნთებში წონასწორობის დარღვევით

ქალმა ვარჯიში უნდა გააგრძელოს მშობიარობის შემდეგ პერიოდშიც და ვარჯიში  შესაძლებელია დაიწყოს მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგ; ვარჯიშების ინტენსივობა და ხანგრძლივობა  თანდათან  უნდა  აღდგეს; არც ლოგინობის ხანაში ვარჯიში  არ არის ასოცირებული რაიმე სამეანო გართულებასთან. პირიქით, ვარჯიში ეხმარება ქალს აქტიურად ჩაერთოს ახალშობილის მოვლის პროცესში, დროულად დაიბრუნოს საწყისი წონა, აქვეითებს მშობიარობისშემდგომი დეპრესიის განვითარების რისკს.

რეკომენდებულია ორსულმა ივარჯიშოს სათანადოდ მომზადებული ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ. „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ამ სერვისით სარგებლობის საშუალებას გაძლევთ ამბულატორიულ ქსელში.