ბავშვის ზრდა და მომწიფება

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

ზრდა ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მშობლები ყურადღებით უნდა ახდენდნენ შვილების სიმაღლის მონიტორინგს. სხვადასხვა ასაკში ბავშვების ზრდის ტემპი ვარირებს:

 ჩვილი ბავშვი (წლამდე ასაკში) ძალიან სწრაფად იზრდება და დაახლოებით 2.5 დან 1 სმ-ს იმატებს თვეში, ორ წლამდე წელიწადში 10 სმ უნდა მოიმატოს.

 სკოლამდელ ასაკში წელიწადში 6-8 სმ, სკოლის ასაკში მინიმუმ 5 სმ.

 ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა სქესობრივი მომწიფების პერიოდი, გოგონები საშუალოდ 11 სმ-ს იმატებენ წელიწადში, ვაჟები კი 13სმ-ს.  

სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ მალევე აქტიური ზრდის პროცესი წყდება.

ზრდაში ჩამორჩენის შემთხვევაში აუცილებელია მშობელმა სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე მიმართოს ექიმ სპეციალისტს.

სქესობრივი მომწიფება გოგონებში უნდა დაიწყოს საშუალოდ 10.5 წლიდან, ვაჟებში კი 11 დან.

8 წლამდე გოგონებში და 9 წლამდე ვაჟებში სქესობრივი მომწიფების ნიშნების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

ასევე დაგვიანების შემთხვევაშიც, თუ 13 წლამდე გოგონას და 14 წლამდე ვაჟს არ აღენიშნება სქესობრივი მომწიფების ნიშნები.

სიმაღლეზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს: მშობლების სიმაღლე, კვება, ფიზიკური აქტივობა, სოციალური და ემოციური გარემო, სქესი, სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა.

 

რეკომენდაცია მშობლებს:

აუცილებლად გაზომეთ და აწონეთ თქვენი ბავშვები 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც. ჩაიწერეთ მონაცემები შესაბამისი თარიღის მიხედვით.

თუ ამჩნევთ რომ თქვენი შვილი თანატოლებთან შედარებით ტანდაბალია, მაგალითად კლასში ყველაზე პატარაა ან ბოლო 2-3 წლის მანძილზე ერთი და იგივე სამოსი აცვია, დროულად მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებით ყურადღებით იყავით თუ თქვენ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება; მაგალითად დიაბეტი, ასთმა, ცერებრალური დამბლა, რევმატოიდული ართრიტი და აშ. ასევე თუ იღებს ისეთ სამკურნალო საშუალებებს როგორიცაა სტეროიდული პრეპარატები და ეპილეფსიის სამკურნალო ან იმუნოსუპრესიული თერაპია.

ორსულობის ვადისათვის მცირე მასით დაბადებულ ახალშობილებს( მაგ. დროული ახალშობილი 2. 5 კგ-ზე ნაკლები მასით) აქვთ ზრდაში შეფერხების მომატებული რისკი, 2 წლის ასაკისათვის თუ მათი სიგრძე და წონა კვლავ ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას აუცილებლია ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ჯანმრთელი ბავშვის ოპტიმალური ზრდის უზრუნველსაყოფად აუცილებელია:

  • სწორი კვება, კვების რაციონში ყოველდღიურად ოპტიმალური ოდენობის ხორცის, თევზის, რძის პროდუქტის, ხილის და ბოსტნეულის ჩართვა.
  • ფიზიკური აქტივობა: ყველა ბავშვი აუცილებელია ყოველდღიურად 1 საათი მაინც იყოს ფიზიკურად დატვირთული.
  • ძილი: ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილი 9-10 საათის მანძილზე ყოველდღიურად აუცილებელია ზრდის ჰორმონის გამოყოფის ფიზიოლოგიური რითმისათვის.
  • კალციუმის, დ ვიტამინის, იოდის და სხვა აუცილებელი მინერალების ასაკობრივი ნორმის მიღება ყოველდღიურად.
  • ჯანსაღი ფსიქო-ემოციური, სტრესისგან თავისუფალი გარემო.
  • ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრევენცია.